„მთავრობას თავისი შეცდომების გასწორება უნდა“

„მთავრობას თავისი შეცდომების გასწორება უნდა“

„რეალური დაფინანსება ნაპოვნი თუ არ იქნება, ალბათ მთავრობა გადახედავს თავის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს აღარც მთავრობაზეა დამოკიდებული და მთლიანად კონსორციუმის პრობლემაა. დონორს კი სჭირდება გარანტიები და იმაში დარწმუნება, რომ ამაში ამხელა ფულის ჩადებას აზრი აქვს“, - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და კონსორციუმის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას, საერთაშორისო დონორების ჩართულობით, რომელიც სავარაუდოდ ერთ კვირაში გაიმართება.

რა შეთანხმებით დასრულდება შეხვედრა, ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგნელებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ, თუმცა იმედი აქვთ, რომ გარკვეული გარდატეხა მოხდება, რათა არ დაზარალდეს პროექტი და ქვეყნის ინტერესები.

„ანაკლიის პორტის იდეა და რეალიზაცია თავისთავად არ ექვემდებარება რაიმე განხილვას, ეს არის აუცილებელი, რომ პორტი აშენდეს. მაგრამ მხოლოდ ანაკლიის პორტით არაფერი  გამოვა, საუბარი უნდა იყოს ანაკლიის სატრანსპორტო კვანძზე და ეს გლობალურად მოიცავს 4 სახელმწიფოს, ყველა არსებული სატრანსპორტო საშუალებებით, მათ შორის ახალი სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციას ამ იდეაში.

„ამიტომ დაველოდო შედეგებს, თუმცა  არ მგონია, რომ საქმე მარტივად იყოს, რდაგან პროექტი უნდა იყოს ყოველმხრივ დამუშავებული, რომ ინვესტორს შეეძლოს შეაფასოს რისკები, შეაფასოს შემოსავლიანობის დონეები სამომავალოდ და მიიღოს გადაწყვეტილება. 

„ბიზნესში ის აზრი, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტი, არაფერს ნიშნავს. ბიზნესისთვის მთავარია რა იქნება იმ თანხების სანაცვლოდ, რომელიც ჩადებული იქნება და ეს თითქმის 10 მილიარდ დოლარამდეა, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ სატრასპორტო კვანძზე ვსაუბრობთ, რადგან ამის გარეშე პორტის აშენებას არანიარი აზრი არ აქვს.  ანუ, თუ გამტარებლობა, ინფრასტრუქტურა არ არსებობს, არ იქნება ის, რაც ვარაუდით შეიძლება იყოს განსაზღვრული.

„რა შედეგით დასრულდება ეს შეხვედრა, ეს მთავრობის გადასაწყვეტია, მაგრამ თუ  რეალური დაფინანსება ნაპოვნი არ იქნება, ალბათ გადახედავს თავის გადაწყვტილებას. თუმცა, ეს უკვე აღარც მთავრობაზე იქნება დამოკიდებული, ეს მთლიანად კონსორციუმის პრობლემაა. გააკეთებენ - კარგია, არ გააკეთებენ - სხვა მოიძებნება.

„დონორს სჭირდება გარანტიები და იმაში დარწმუნება, რომ ამაში ამხელა ფულის ჩადებას აზრი აქვს. მაგრამ, როგორც ჩანს, მთავრობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს კონსორციუმის სასარგებლოდ, თანაც  ბიუჯეტიდან სოლიდური თანხაა გაცემული, არადა ბიუჯეტიდან არაფერი არ უნდა ყოფილიყო გაცემული.

„ჩემი აზრით, მთავრობას თავისი შეცდომების გასწორება უნდა, რადგან თავიდანვე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამ კონსორციუმს მისცა უფლება, რომელსაც არც ფული ჰქონდა და არც პროექტი, ახლა კი კონსორციუმს დაფინანსების პრობლემები შეექმნა და  მთავრობაც ცდილობს, რაღაც დახმარება აღმოუჩინოს“, - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.