ეს არის კლასიკური შიდა ინტრიგები,

ეს არის კლასიკური შიდა ინტრიგები,

„ქობულია პოლიტიკურად აქტიური არ იყო და აქედან გამომდინარე ძნელია გასაგები ყოფილიყო რას გულისხმობდა „თამაშის წესებში“, - ასე აფასებს ექსპერტი არჩილ გამზარდია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ მმართველი გუნდის მიმართ გაკეთებულ მწვავე  განცხადებებს.

შაბათს „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ფორბსის კვირა“ ქობულიამ მმართველი გუნდში შიდა კონფლიქტზე ისაუბრა. მისი თქმით, კონფლიქტის მიზეზი ის იყო, რომ მან თამაშის წესები არ გაითავისა.

„რას გულისხმობდა ქობულია თამაშის წესებში, ძნელია საუბარი, იმიტომ, რომ იგი არ იყო პოლიტიკურად დიდად აქტიური, რომ ვთქვათ რაიმეში განსხვავებული აზრი ჰქონდა და შესაბამისად, ამან იმოქმედა. ეს უფრო მმართველ პარტიაში შიდა ინტრიგების თემა შეიძლება იყოს.

„აქედან გამომდინარე, ალბათ იყო რაღაცა სხვა მოცემულობები, რომლის გამოც ქობულია, ასე ვთქვათ, ცაკლე ბანაკადს ჩაითვალა, ან უბრალოდ ვერ მიიღო მან საზოგადოებრივი პატივისცემა, ვერ შეიქმნა პოზიტიური იმიჯი და ეს სუბიექტი, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ დამატებით ნეგატიურ სახეს ქმნიდა, უბრალოდ გაუშვეს. ეს არის წმინდა წყლის კლასიკური შიდა ინტრიგები.

„ნელნელა ჩნდება „ქართულ ოცნებაში“ (და კარგია, რომ ჩნდება) პრეტენზიული ტონი იმ მხრივ, რომ, ვთქვათ, კვირიკაშვილიც გადადგა და თქვა, რომ არ ეწყობოდა თავიდანვე ტონალობაში და პრაქტიკულად ამით აჩვენა, რომ ის კი არ გადადგა, გადააყენეს და ახლა ქობულიამ პირდაპირ თქვა.

„თუმცა, ქობულია იმდენად დიდი ანტიპატიით სარგებლობდა ქვეყანაში, რომ მისი გადაყენება „ქართულ ოცნებას“ დადებით ტონად ჩაეთვლება თუ უარყოფითად, ესეც საკითხავია“, - აცხადებს გამზარდია

გამზარდიას აზრით, საქართველო მთავრობის მმართველობის სტილი ჩრდილოვან მმართველობას ემსგავსება.  

„მთლიანობაში ფაქტი არის ერთი - მინისტრთა კაბინეტის წევრები როგორც ინიშნებიან, როგორც თავისუფლდებიან, როგორც უჩნდებათ წასვლის სურვილი, ან უშვებენ, ეს არის ჩრდილოვანი მართველობის  ფორმა და არაფერ კავშირში არ არის არგუმენტირებულ დანიშვნასთან,  გაშვებასთან, ან წასვლასთან.

„ოცნების“ შიგნით ახლა ხდება ის, რაც ხდება უკვე დიდი ხანია. ეს არის პარტია, რომლის წევრებს არ გაჩნიათ მიზნები, რომელიც მათ პროფესიულ ვალდებულებებს ეხება, არამედ ეს ხალხი პირადი ინტერესებით მოქმედებს. შესაბამისად, იქ არის ჯგუფები, ქვეჯგუფები, შიდა ინტრიგები ინტერესები, „ქართული ოცნება“ არის ამ რეჟიმში. სახელმწიფო და ხალხი სადღაც უკან არის მოქცეული, „ქართული ოცნების“ ინტერესების და მიზნების სივრცის მიღმა.

„ქართულ ოცნებას“ არაფერი ეტყობა, რომ რაიმე იდეებზე დგას, თუნდაც მიუღებელზე, მაგრამ რაიმე იდეებზე. „ოცნება“ დგას მხოლოდ ბიზნეს ინტერესებზე, გავლენის ინტერესებზე და ეს უკვე მათი მთავარი მაგისტრალია. შესაბამისად, ვინც შეთანხმდება - შიგნით ახერხებს კომუნიკაციას, ვინც ვერ შეთანხმდება - ვერ ახერხებს.

„არიან გარკვეული ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ იდეებზე ყოფილიყო გუნდი და ჰქონდა პოზიტიური მიზნები, მაგრამ ამ ადამიანების ადგილი იმთავითვე არ იყო „ქართულ ოცნებაში“, ახალა მითუმეტეს და ისინიც ნელნელა ტოვებენ“, - აცხადებს გამზარდია.