საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული კონფლიქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ ბოლომდე ვერ გაითავისა თამაშის წესები.
ქობულიას თქმით, ის თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რაც მოხდა, რადგან მინისტრს თავიდანვე უნდა გაერკვია ის თამაშის წესები, რასაც გუნდი სთავაზობდა.
„ის, რაც მე მომივიდა, ამაში ძალიან დიდი წილი არის ჩემი პასუხისმგებლობის. ალბათ, უფრო მეტი ძალისხმევა და დრო უნდა დამეხარჯა ჩემს საუბრებში მანამდე, სანამ მივიღებდი გადაწყვეტილებას ხელმძღვანელებთან, რომ უფრო კარგად გამერკვია თამაშის წესები. თუ ამ თამაშის წესებს რაღაცა ნაწილში არ ვეთანხმებოდი, ეს მე თავიდანვე უნდა გამეთავისებინა და მიმეღო მხედველობაში მაშინ, როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას გავმხდარიყავი თუ არა მინისტრი. როცა უერთდები გუნდს, უნდა იცოდე, რომ თამაშის წესებით უნდა ითამაშო. მივიღეთ ის, რომ მე ბოლომდე ვერ გავითავისე თამაშის წესები, ან ვერ გავიგე, არ დავხარჯე საკმარისი დრო, რომ ეს გამეგო და მოხდა ის, რომ, რაც მეგონა დასაწყისში, ეს არ გამართლდა. ამის შემდეგ მოხდა ის კონფლიქტი, რაც მოხდა“,- განაცხადა გიორგი ქობულიამ გადაცემაში „ფორბსის კვირა“.