საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პანკისში განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა რომ ეკონომიკის განვითარება დამატებითი ენერგიის მიწოდებაზეა დამოკიდებული, თუმცა ეს მოსახლეობის ინტერესებისა და ეკოლოგიის ხარჯზე არ მოხდება.
„ჩვენმა განვლილმა გზამ ყველა კითხვას ძალიან მაღალი სტანდარტის პასუხი გასცა – „ქართული ოცნების“ ხელწერა არ არის, რომ რეგიონებში პროექტები ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და ეკოლოგიის სტანდარტების დაცვის გარეშე განვახორციელოთ. ბუნებრივია, ამ გზით გავაგრძელებთ სიარულს. ამასთანავე, თითოეულ ჩვენგანს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკური გამოწვევები გვაქვს, სიღარიბე საქართველოს მტერია და ის უნდა დავძლიოთ. ეკონომიკის განვითარება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებთ დამატებითი ენერგიის მიწოდებას ჩვენი ეკონომიკისთვის. ბოლო პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ნათელი დასტურია იმისა, რომ ელექტროენერგეტიკაში მეტი დადგმული სიმძლვრე გვჭირდება, სხვანაირად სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა გაგვიჭირდება. მაგრამ ბუნებრივია, ეს არასდროს მოხდება ადგილობრივი მოსახლეობისა და ეკოლოგიის ხარჯზე“, – განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.