საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პანკისში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით პანკისში მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, თუმცა კომუნიკაცია, რაც შედგა, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ გამოწვევებს აუცილებლად გავუმკლავდებით. ბახტაძის თქმით შესაბამისი ორგანოები აკეთებენ ანალიზს, თუ რასთან გვქონდა საქმე და როცა მომენტი დადგება, საზოგადოებას ყველაფერს განვუმარტავს.
„ფაქტია, რომ პანკისში ის მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეს არ შეეფერება ჩვენს წარსულს, აწმყოს, მომავალს და იმ ქვეყანას, რომელსაც ვაშენებთ. მსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ქვეყნის შვილების მიმართ, რომლებიც ამ ულამაზეს კუთხეში ცხოვრობენ. ქართველმა საზოგადოებამ ძალიან მძიმე კადრები იხილა და ბუნებრივია, რომ ეს დაუშვებელია. მომზადებული გვაქვს, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, პანკისის ხეობის განვითარების გეგმა. იქ არსებობს პრობლემები, რაც ისტორიულად დაგროვდა და ობიექტურად სჭირდება გადაწყვეტა. 2-3 თვეში ყველა პრობლემის გადაჭრას ვერ შევძლებთ, მაგრამ ვფიქრობ, წარმოდგენილი გეგმა გამოწვევებს კარგად პასუხობს. სამინისტროები ძალიან აქტიურ კონტაქტზე არიან პანკისში მცხოვრებ მოქალაქეებთან, მეც ბევრი წერილი მივიღე ამ საკითხზე, ასევე, ორშაბათს იქნება საინტერესო შეხვედრა. უკვე კომუნიკაცია, რაც შედგა, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ღირსეულად შევძლებთ ყველა იმ გამოწვევასთან გამკლავებას, რომელიც შეიძლება არსებობდეს პანკისის ხეობაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.