"კადიროვს პანკ­ისის­ ხეობაში თავისი ინტერესები აქვს... ის მზადაა ჩაერიოს პროცესში"

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია აფასებს:

"როგორც ცნობილია, კადიროვს პანკ­ისის­ ხეობაში თავისი ინტერესები აქვს. ორი აზრი არ არის, რომ ჩასაფრებულია და მზადაა ჩაერიოს, როცა ამის საშუალება მიეცემა. მას ჰყავს 12-ათასიანი კარგად შეიარაღებული გასამხედროებული ფორმირება, რომელიც მოიცავს სადაზვერვო სტრუქტურასა და ოპერატიული რეაგირების სამსახურს. სადაზვერვო სამსახურს ხელმძღვანელობს დაუდოვი (მეტსახელად "ლორდი"), კადიროვის მარჯვენა ხელი და პირადი დაცვის უფროსი.

ამავე დროს, კადიროვს ექვემდებარება კაკიევის დაჯგუფებები, ე.წ. რუსეთის სამხედრო დაზვერვის 42-ე და 44-ე ბატალიონები, რომლებიც ფორმალურად ექვემდებარებიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მეორე მთავარ სამმართველოს, ანუ გრუ-ს და, ფაქტობრივად, ისინი არიან კადიროვის ოპერატიულ დაქვემდებარებაში. 12-ათასიანი შეიარაღებული რაზმების კოჰორტაზე კადიროვი პირდაპირ აცხადებს, რომ ის არის პუტინის პირადი გვარდია. ამ რაზმს, რომელიც კარგად შეიარაღებული და მომზადებულია, დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვს მიღებული სირიაში, ასევე მისი ნაწილები იბრძოდნენ უკრაინის წინააღმდეგ დონბასში. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ჩრდილო კავკასიაში მოქმედებენ 33-ე და 34-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადებიც, რომლებიც ასევე შეიძლება მტერმა ჰიბრიდული საბრძოლო ოპერაციებისთვის გამოიყენოს პანკისში. შეუძლიათ საცალფეხო ბილიკით გადმოვიდნენ­ და სავსებით შესაძლებელია, 3000-იანმა არმიამ დაიკავოს ხეობა. ღმერთმა დაიფაროს, აქამდე მივიდეს საქმე..." - განუცხადა "კვირის პალიტრას" მაისაიამ.