ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ 168 ერთეული ენერგოეფექტური ღუმელის შემოტანა და დასაწყობება მიმდინარეობს.
"შეშის ჩანაცვლება თხილის ნაჭუჭით და თხილის ნაჭუჭის ენერგოეფექტური ღუმელების დანერგვა" პროგრამის ფარგლებში 2019 წლის 07 მარტს ხელვაჩაურის მერიამ გააფორმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "საქართველოსთნ", სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება - 74 088 ლარია. კომპანიამ აიღო ვალდებულება 168 ერთეული ენერგოეფექტური ღუმელის მოწოდებაზე, რომელიც აღჭურვილია წყლის გამაცხელებელი რეზერვუარით.
აღნიშნული პროგრამა დამტკიცებულია 2019 წლის ბიუჯეტის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) 2016/2017 წლის კვლევის საფუძველზე, რაც მიზნად ისახავს როგორც საშეშე ხე-ტყის მოხმარების შემცირებას, ასევე 31 140-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების გათბობით უზრუნველყოფას.
პროექტის მიხედვით, თითოეულ ბენეფიციარს უსასყიდლოდ გადაეცემა 1 ცალი ენერგოეფექტური ღუმელი და 3 ტონა თხილის ნაჭუჭი.
თხილის ნაჭუჭის შეძენაზე სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება უკვე დასრულებულია, უახლოეს მომავალში მერიის მიერ გამოცხადდება 105 840 ლარის ღირებულების ტენდერი 504 ტონა თხილის ნაჭუჭის შეძენის მიზნით.
აღნიშნული პროგრამით ისარგებლებს 168 კომლი, სულ 960 მოქალაქე. პროგრამის განხორციელებით შემცირდება დაახლოებით 1 700 კუბური მეტრი საშეშე ხე-ტყის მოხმარება ყოველწლიურად.
პროგრამა მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება.