ანგარიში: მსოფლიოში ქრისტიანების დევნა თითქმის გენოციდის დონეზეა

ანგარიში: მსოფლიოში ქრისტიანების დევნა თითქმის გენოციდის დონეზეა

მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში ქრისტიანების დევნა თითქმის გენოციდის დონეს აღწევს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯერემი ჰანტის დავალებით ჩატარდა.

შუალედურ ანგარიშში, რომელიც კომისიამ შეადგინა, ნათქვამია, რომ დედამიწაზე ყოველი მესამე ადამიანი რელიგიურ ნიადაგზე დევნის მსხვერპლია.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად ქრისტიანებს დევნიან. დოკუმენტის ავტორების მტკიცებით, მათ მასობრივად აიძულებენ მშობლიური ადგილები დატოვონ, რის გამოც შესაძლოა ქრისტიანობა ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში სრულიად აღმოიფხვრას.

მაგალითად, ამ დროისთვის პალესტინელებს შორის ქრისტიანები მოსახლეობის მხოლოდ 1,5%-ს შეადგენენ. ერაყში 2003 წლამდე 1,5 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობდა, ახლა კი მათი რიცხვი 120 000-ზე ნაკლებია.

ამ თემაზე საბოლოო მოხსენება ზაფხულში გამოქვეყნდება.