“წასვლა არის როცა ადამიანი განცხადებას დაწერს, მე განცხადება არ დამიწერია, მე გამათავისუფლეს,”- ამბობს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია.
გიორგი ქობულიამ გათავისუფლებიდან 15 დღეში Forbes Georgia-ს აღმასრულებელ რედაქტორთან გიორგი ისაკაძესთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ იმართება დღეს ქვეყანა და რა თამაშის წესები არსებობს საქართველოს მთავრობაში.
ინტერვიუში ექს-მინისტრი ამბობს, რომ სამთვრობო ვერტიკალი პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს იღებდა. ქობულიას თქმით, პროექტები, რომლებიც მას სწორად მიაჩნდა გამუდმებით იბლოკებოდა, რაც საბოლოოდ გახდა კიდეც კონფლიქტის მიზეზი.
ქობულიას თქმით, მისგან გადადგომას ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, რასაც ის გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა.
“იყო თხოვნა, რომ წავსულიყავი თანამდებობიდან, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე. მე ბოლო მომენტამდე ვინარჩუნებდი იმის იმედს, რომ მაინც იმ ხედვებს, რომელიც მე მიმაჩნდა სწორე და მეგონა მივიტანდი მმართველ გუნდამდე და ამ ხედვებში დავარწმუნებდი მათ. ეს განცდა მქონდა, მქონდა ამის იმედი და მაქსიმალურად ვცდილობდი ეს გამეკეთებინა. მაგრამ როგორც დავინახეთ ბოლომდე არ გამომივიდა,”- ამბობს ექს-მინისტრი.
ქობულიას თქმით, მან საბოლოოდ ვერ ისწავლა ეს “თამაშის წესები”, რაც მის მიერ თანამდებობის დატოვების ერთ-ერთი საბაბიც გახდა. უშუალოდ პოლიტიკური საკითხების განხილვისგან ქობულია დღეს თავს იკავებს.
“მე არც დღეს და არც მომავალში დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ მე არ მგონია რომ ეს კორექტული და პროფესიონალური იქნება ჩემი მხრიდან ამასთან ზოგადად უნდა ვთქვა რომ იყო გადაწყვეტილებები რომელიც არა მხოლოდ არ იყო ეკონომიკურ შედეგზე ორიენტირებული, ამავე დროს პოლიტიკურადაც ჩემის აზრით დამაზიანებელი იყო მმართველი გუნდისთვის. ასეთი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მიუღებელი იყო ჩემთვის სადაც არც ეკონომიკური სარგებელი იყო და პოლიტიკურადაც დამაზიანებელი იყო. ქართულად როგორც იტყვიან საკუთარ ფეხში ვისროდით და ეს იყო რა თქმა უნდა კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი. და იყო მთელი რიგი გადაწყვეტილებები რომლებიც მე მიმაჩნდა სწორედ და მართებულად და რომელთა მიღებაც მე მიჭირდა იმიტომ რომ არ მქონდა საკმარისი მხარდაჭერა,”- ამბობს ქობულია.
გიორგი ქობულიასთან სრულ ინტერვიუს უყურეთ კვირას, 10:10-ზე, გადაცემა “Forbes-ის კვირაში გიორგი ისაკაძესთან ერთად.”