იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი “ტვ პირველს“ “ფეიკ ნიუსების“ გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში წერს, გადაცემა “პირველებში“ სასამართლო სისტემაზე ცრუ ინფორმაცია გააშუქეს, მისი განცხადებით, ტელეკომპანია ცდილობს საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ არაჯანსაღი და მტრული განწყობილება შექმნას.
“ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არაკომპეტენტური ადამიანებისაგან სასამართლო სისტემაზე, მოსამართლეებზე და ზოგადად მართლმსაჯულებაზე ათასი სხვადასხვა აბსურდული აზრები მოვისმინე, თუმცა ისეთი სისულელე, რაც გუშინ “TVპირველის” გადაცემა “პირველებში” გაჟღერდა, ჯერ არ მსმენია! მსგავსი დონოს აბსურდის თეატრი დიდი ხანი არ მინახია..., ჩემი აზრით, ეს იყო კლასიკური ფეიკ-ნიუსი... კარგად მესმის, რომ იმას ვინც სასამართლოს მიმართებით ქმნის ფეიკ-ნიუსებს სიმართლე და რეალობა არ აინტერესებს, მისთვის მთავარია შექმნას პოპულისტური ფეიკ-ნიუსი. ცრუ ინფორმაციის გავრცელებით კი ავტორი ცდილობს შექმნას საზოგადოებაში არაჯანსაღი, მტრული დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ. თუმცა, იბადება კითხვა - რატომ აკეთებს ამას??? გუშინ ვუყურებდი ამ გადაცემას და თან მეცინებოდა, თან კიდევ მახსენდებოდა ფრაზა - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს... გადაცემის ბოლო ნაწილში ყველა სტუმარმა დატოვა სტუდია, სტუდიაში მარტო დარჩენილი ოთხი ჟურნალისტიდან, ერთ-ერთმა სერიოზული სახით გააკეთა 2012 წლიდან დღემდე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მოვლენების ე.წ. “მიმოხილვა”, ხოლო დანარჩენი სამი, არანაკლებად სერიოზული სახეებით აკეთებდნენ ე.წ “საექსპერტო კომენტარებს”... მაგალითად, ე.წ. “მიმოხილვის” ავტორმა სერიოზულად (ანუ, ხუმრობის გარეშე) განაცხადა, რომ 2015 წლიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განზრახ შეწყვიტა იუსტიციის სკოლაში მსმენელთა მიღება, რითაც შეგნაბულად შექმნა კოლაფსი, ამით კი ჩაუკეტა გზა ახალ სახეებს, სასამართლომ გამოიყენა ეს გარემოება რათა მოქმედი, ანუ ძველი მოსამართლეები ადვილად და სწრაფად გადანიშნულიყვნენ უვადოდ(???) მითხარით რა დავარქვად ამ ამაზრზენ სიცრუეს??? თუ ამ ე.წ. “მიმოხილვის” ავტორმა არ იცის და ვერ მიხვდა სინამდვილეში რატომ იყო შეჩერებული მსმენელთა მიღება, ხომ შეიძლება ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვით მიმართოს საბჭოს??? ხომ მიიღებდა ამომწურავ და კომპეტენტურ პასუხს!!! მსგავსი ცალმხრივი აბსურდი გუშინ ამ გადაცემაში ბევრი ითქვა... მაგალითად, ერთ-ერთმა “ექსპეტ-ჟურნალისტმა” განაცხადა, რომ 2013 წელს ერთი სულის შებერვა იყო საკმარისი და სასამართლო სისტემა გაიწმინდებოდა ძველი მოსამართლეებისაგან(???), მეორე “ექსპერტ-ჟურნალისტი” კი დაეთანხკა და თქვა, რომ ასეთი “სულის შებერვა” უნდა ყოფილიყო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია(???) მინდა ვკითხო ამ “ვაი-ექსპერტებს” : რამდენი წიგნი აქვთ წაკითხული მართლმსაჯულების სისტემებზე??? იციან თუ არა რას წარმოადგენს ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE) და წაკითხული აქვთ თუ არა ამ ორგანიზაციის რომელიმე დასკვნა??? წაკითხული აქვთ თუ არა ვენეციის კომისიის დასკვნები??? რომელ ქვეყნებში არსებობს ან არსებობდა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია??? როგორ და რა გზით უნდა გაეუქმებინა ამ კომისიას კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება??? მსგავსი შეკითხვების შემდეგ ბოლოს ვკითხავდი - ასე რატომ გაიწყვიტეს შუბლის ძარღვი???,” - წერს მეთოფიშვილი