დელიმიტაციის საკითხებზე საუბრის დაწყებამდე, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომლიც მანამდე არსებობდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დავით-გარეჯში არსებული ვითარებასა და აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა დასძინა, ბოლო პერიოდის განმავლობაში დელიმიტაციის კომისიას არ უმუშავია. ამასთან, მამუკა ბახტაძის თქმით, კომისიის განახლებული შემადგენლობის დამტკიცება მთავრობის უახლოეს სხდომაზე მოხდება.
„პირველივე დღიდან იყო ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია უწყებებს შორის. მე მქონდა დავალებული ყველა მინისტრისთვის აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ბუნებრივია, რომ ჰქონდათ ძალიან აქტიური საუბრები საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოგეხსენებათ, რომ არის მიღწეული შეთანხმება. რაც შეეხება თვითონ კომისიას, მას ბოლო პერიოდის განმავლობაში რეალურად არ უმუშავია, აქედან გამომდინარე ჩვენ განვაახლებთ კომისიას, მას დავამტკიცებთ ხელახლა და ეს მოხდება სავარაუდოდ, უახლოესი მთავრობის სხდომაზე მომდევნო კვირას. შემდეგ უკვე ორი ქვეყნის კომისია გააგრძელებს დელიმიტაციის საკითხებზე საუბარს. ამ პერიოდის განმავლობაში კი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომლიც მანამდე არსებობდა. დარწმუნებული ვარ ჩვენ და ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები ამ საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენს მეგობრობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.