საზოგადეობრივი, სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები გირგვლიანის საქმის ირგვლივ – თემაზე ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში “ფეისბუქი” პოსტს აქვეყნებს და სანდრო გირგვლიანს პატიებას სთოხვს:
“საწყალი სანდრო გირგვლიანი…მერამდენე წელია გლეჯენ, წეწავენ,ხორცებს ათლიან,სულს უმწარებენ,ჯიჯგნიან….არასდროს დასრულდა ეს ჯოჯოხეთი. არადა, ისინი ვინც სანდრო ამ დღეში ჩააგდო აღარავის ახსოვს და ცხოვრობენ თავისთვის სადღაც ისე რომ არც არავინ კითხულობს მათ ამბავს…
გვაპატიე სანდრო, ვერ დაგიცავით, ვერ ვიპოვეთ შენთვის სამართალი, ვერ დაგიმშვიდეთ ნატანჯი სული… გვაპატიე…” – წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.
სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს შსს-ს თანამშრომლებმა ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე, რომელიც მკვლელობის შემდეგ გამუდმებით მოითხოვდა დამნაშავეების დასჯას და აპროტესტებდა ხელისუფლების ქმედებებს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით, 2007 წლის 24 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
გირგვლიანის საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს. ისინი ჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა, შემდეგ კი, 2009 წლის სექტემბერში, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წელს გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც წერია:
“სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო”. სტრასბურგის გადაწყვეტილებაში გაკრიტიკებული იყო სასამართლოს ქმედებებიც.