ოლიგარქ ივანიშვილს ვადამდელი არჩევნები დასჭირდა... მაგრამ რისთვის, ბოლომდე ჯერ გაურკვეველია

ოლიგარქ ივანიშვილს ვადამდელი არჩევნები დასჭირდა... მაგრამ რისთვის, ბოლომდე ჯერ გაურკვეველია

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ვადამდელი არჩევნები დაჭირდა... მაგრამ რისთვის, ბოლომდე ჯერ გაურკვეველია, - ამის შესახებ აზერბაიჯანული პრესა წერს.

"ქართულ მასმედიაში საკმაოდ მოულოდნელი ახალი ამბავი გავრცელდა: ქვეყნის ჩრდილოვან მმართველს, ამჟამინდელი სახელისუფლებო პარტიის დამაარსებელს, პრორუს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს თურმე გადაწყვეტილება მიუღია - 2019 წლის შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროსო. ანუ, რასაკვირველია, ოფიციალურად მას ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, მაგრამ ხომ ყველასათვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილს მთელი საქართველო, შეიძლება ითქვას, ჯიბეში უდევს... საერთოდ, ამ თემაზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ პოლიტიკურ წრეებში და ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს მართლაც დანიშნავს“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში, რომლის ავტორიც ჟურნალისტი  რაუფ ორუჯევია.

"როგორც ქართველმა ჟურნალისტებმა მმართველი პარტიის კულუარებში შეიტყვეს, არჩევნების ჩატარების საკითხი უკვე რეალობაა. ერთ-ერთ ჩინოვნიკს კულუარებში უთქვამს, რომ პარტიის თავმჯდომარეს და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს უკვე გაუგზავნია შუამავლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, რომ მან ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. ეს მოსალოდნელია ივნისის შუა რიცხვებისთვის. კანონის თანახმად, პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ინაუგურაციის დღიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ შეუძლია“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. ავტორის აზრით, არაა გამორიცხული, რომ საქართველოში მართლაც ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები - მთავარია სურვილი, თორემ მიზეზი ყოველთვის მოიძებნება. პოლიტიკური და ადამიანური რესურსების მობილიზება ვადამდელი არჩევნებისათვის შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას აქვს დავალებული“, - განმარტებულია სტატიაში.

პუბლიკაციაში ასევე საუბარია ბიძინა ივანიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის ურთიერთდამოკიდებულებაზეც: "საქართველოში ხმები დადის, რომ ისინი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან. უფრო მეტიც - პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონტაქტები სულ უფრო იშვიათია. არადა, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ "ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გაიმარჯვა“. ექსპერტთა აზრით, განხეთქილება უფრო გაღრმავდება და ამის მიზეზი შეიძლება  პრეზიდენტის უცხოური ვიზიტები გახდეს, სადაც იგი საქართველოს წარმოადგენს.

"ამრიგად, ჩვენს მეზობელ საქართველოში მეორდება ის სიტუაცია, რომელიც წინა პრეზიდენტის დროს იყო: თავდაპირველად გიორგი მარგველაშვილი თითქოს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ერთგული მსახურად ჩანდა, მაგრამ როცა გააცნობიერა, რომ მას უკვე შეუძლია სრულიად დამოუკიდებელი ფიგურა იყოს, დაიწყო ისეთი მსჯელობა და ლაპარაკი, რომლებიც მმართველი პარტიის სამოქმედო ლოგიკაში არ ჯდებოდა“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.

წყარო: http://www.kaspiy.az/pages/q.pdf