"ვეღარ გამაჩუმებთ!" - სკანდალი "ტელეიმედში", რის გამო გაათავისუფლეს ერთ-ერთი მთავარი პროდიუსერი

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სხვა რაკურსის" ყოფილი პროდიუსერი, სკანდალურ მიმართვას ავრცელებს. მაია სტეფნაძე წერს, რომ იმედის ხელმძღვანელობამ ის სამსახურიდან მისი პოზიციისა და ფეისბუქ პოსტის გამო გაუშვა:

„ტელეკომპანია "იმედის" დირექტორს, გიორგი კალანდარიშვილს და ამ ხელისუფლებას მაგრად არ გაუმართლა, რომ მე ზუგდიდელი ქალბატონის, ია კერზაიასავით გული არ გამისკდა.

მე გადავრჩი და ეხლა ვეღარ გამაჩუმებთ!

თქვენ გაბედეთ და სამსახურიდან გამომაგდეთ "ფეისბუქზე" დადებული პოსტის გამო, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში მთავრობის ანტისახელმწიფოებრივი, დანაშაულებრივი, ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი შეფასების გამო, იმის გამო, რომ მე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირე და პანკისელების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვედი პარლამენტის წინ!! თქვენ გაბედეთ და შეეხეთ ჩემს თავისუფლებას!! თქვენ დაარღვიეთ ჩემი მთავარი უფლება-სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება! თქვენ გაბედეთ და ეს ყველაფერი შელამაზების გარეშე პირში მითხარით, ისე რომ სხვა მიზეზის მოფიქრებისთვის. თავიც კი არ შეიწუხეთ!

მას მერე, რაც პოსტი გამოვაქვეყნე, სამი დღის შემდეგ დამიბარა "იმედის" დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა და პირდაპირ მითხრა, რომ სამსახურიდან მიშვებდნენ ჩემი სტატუსის გამო... ამაზე მეტი ცენზურა რაღა უნდა იყოს! გამომიშვეს იმიტომ, რომ გავბედე და ჩემი აზრი ღიად გამოვხატე.

არ გამოგივათ!!! გარეთ 21-ე საუკუნეა!!!

ქართველი ხალხი ყველაფერს იტანს...ოღონდ დროებით... სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვა ამ ქვეყანაში არავის გამოუვიდა", - წერს სტეფნაძე.