მიმართულება დღეს არის ის, რაც გვინდოდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რეგულაციების შემოღებისას გამორიცხული არაა მასში რაიმე ცვლილებების შეტანა და შესაძლებელია, რეგულაციების გარკვეულწილად შერბილება თუ საჭიროება გამოიკვეთება.
„პირველი კვარტლის შედეგებს თუ შევხედავთ, შეიძლება ვთქვათ, რომ მიმართულება, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ, არის ზუსტად ისეთი, როგორსაც ველოდით. თუმცა ერთი კვარტალი საკმარისი არაა და უნდა გავაგრძელოთ დაკვირვება“, – განაცხადა გვენეტაძემ.
როდის მოხდება რეგულაციების გადახედვა, გვენეტაძე ვერ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სახეზეა შედეგები, რომელსაც ეროვნული ბანკი ელოდა.
„თუ შედეგებზე ვისაუბრებთ, სამომხმარებლო სესხებში არის შემცირება და სწორედ იმას ვამბობდით, რომ სამომხმარებლო სესხები არაჯანსაღად იზრდებოდა. გვაქვს ის შედეგი, რასაც მოველოდით. კერძოდ, სესხების სამომხმარებლოდან ბიზნესსესხებში გადამისამართება, ესაა ცალსახა ტრენდი რაც გამოიკვეთა, ასევე ლარში გაცემული სესხების განსაკუთრებით იპოთეკური სესხების ზრდა, მნიშვნელოვნად შემცირდა საპროცენტო განაკვეთები ლარის იპოთეკაზე, ამავე დროს, ცალსახად ვხედავთ სესხის გაცემის სტანდარტების გაუმჯობესებას, ასევე ბაზარს მიეწოდება სხვადასხვა ტიპის რეგულაციებზე მორგებული სესხები, მაგალითად ემიგრანტებისთვის, რეპეტიტორებისთვის. დარწმუნებული ვარ, რეგულაციებზე მორგებული სხვა პროდუქტებიც იქნება, მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ აუცილებლად მოხდეს, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური შემოსავლის შეფასება.
რეგულაციების მიზანი მსესხებელსა და გამსესხებელს შორის ურთიერთობის გაჯანსაღება იყო. სესხები წინასწარვე არ უნდა იყოს იმისთვის განწირული , რომ მათი გადახდა ვერ მოხდება,”-აღნიშნა კობა გვენეტაძემ.