ამერიკულ ავიაკომპანიებს ვენესუელაში დაბალ სიმაღლეზე ფრენა აეკრძალათ

ამერიკულ ავიაკომპანიებს ვენესუელაში დაბალ სიმაღლეზე ფრენა აეკრძალათ

აშშ-ის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სამსახურმა განკარგულება გასცა, რომლის მიხედვითაც ყველა ამერიკულ ავიაკომპანიას, ვენესუელაში არსებული დაძაბული მდგომარეობის გამო, 8 ათას მეტრ სიმაღლეზე დაბლა ფრენა აეკრძალა.

ამასთან, ფედერალური სამსახური ვენესუელაში მყოფ ამერიკულ ავიალაინერებს ქვეყნის დაუყოვნებლივ, 48 საათის განმავლობაში დატოვებისკენ მოუწოდებს.

ვენესუელაში ხუან გუაიდოს ვიდეომიმართვის შემდეგ ვითარება გამწვავდა. გუაიდომ მხარდამჭერებს საბოლოო ფაზის ფინალამდე მიყვანისკენ და მადუროს მმართველობის დასრულებისკენ მოუწოდა. ამ ვიდეომიმართვის შემდეგ კარაკასში გუაიდოს მხარდამჭერებსა და მადუროს მხარდამჭერ სამხედროებს შორის შეტაკებები მოხდა, რა დროსაც ბოლო ინფორმაციით 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ქვეყნის მასშტაბით გათიშულია CNN-ის და BBC-ის სიგნალი.

ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. მაიკ პომპეოს განცხადებით, ნიკოლას მადურო ვენესუელის დატოვებას აპირებდა და რუსეთმა შეაჩერა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ კი განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ეს განცხადება მცდარია. გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა რუსეთი გააფრთხილა, რომ არ ჩაერიოს ვენესუელის საკითხებში.

ვენესუელაში იანვრიდან პოლიტიკური კრიზისია. მაშინ აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.