სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი განცხადებას ავრცელებს

სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი განცხადებას ავრცელებს

სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი ადასტურებს, რომ სულხან მოლაშვილი წამების საქმეში ხელს გიგა ბოკერიას ადებდა.

როგორც თამაზ მოლაშვილმა “კვირას” განუცხადა, სულხან მოლაშვილს ამის შესახებ საჯაროდაც განუცხადებია. მეტიც, სულხან მოლაშვილი მამა ამბობს, რომ ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციის” პერიოდში გიგა ბოკერიამ ერთ-ერთ პირს აჩვენა დასაჭერი ადამიანების სია, რომელთა შორისაც სულხან მოლაშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა.

“ტელევიზიით საუბრობდა სულხანი რომ ბოკერიაც ფიგურირებდა მისი წამების საქმეში, ყველამ იცოდა, რომ მოლაშვილი ხელს ადებდა ბოკერიას, გინდ გაზეთით, გინდა ტელევიზიით ერთხელ მაინც გასცა ბოკერიამ პასუხი ცოცხალ სულხან მოლაშვილს?! ცოცხალი რომ არ არის ახლა რასაც უნდა იმას იტყვის. როდესაც რევოლუცია მოხდა, სულხანმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა, მაშინ სულხანთან მუშაობდა ერთი პიროვნება რომან ბოკერია, ძალიან კარგად ვიცი, ეს რომანი სულხანმა გიგა ბოკერიასთან გააგზავნა და უთხრა ჰკითხე რა უნდა რას გვერჩისო, ბოკერიასგან რომ დაბრუნდა ეს ბიჭი სულხანს უთხრა ბატონო სულხან გიგა ბოკერია ვნახე, სია მაჩვენა და მითხრა ხელისუფლებაში რომ მოვალთ ესა და ეს პიროვნებები უნდა დავიჭიროთ და თქვენც ხართ ამ სიაშიო. სულხანი სახლში, რომ მოვიდა თქვა, სია ჰქონიათ ჩამოწერილი დასაჭერებისო და მეც ვარ თურმე იმ სიაშიო. თავიდანვე აგრესიით და ამ გეგმით იყვნენ მოსულები”, – აცხადებს თამაზ მოლაშვილი.

ამასთან, თამაზ მოლაშვილის მამის თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მისი შვილის ადვოკატის შალვა შავგულიძის კავშირი კატეგორიულად მიუღებელია.

 “დაწყებული პირველი დღიდან, რაც სოსო ბარათაშვილი და შალვა შავგულიძე სულხანის ადვოკატები გახდნენ მეც და ჩემი მთელი ოჯახის კმაყოფილები ვიყავით, ისინი მთელი გულით და სულით ედგნენ მხარში სულხანს, შესაბამისად, სუფთა ადამიანური თვალსაზრისით იმ პერიოდის გათვალისწინებით რაც ისინი სულხანის ადვოკატები იყვნენ ოდნავი პრეტენზია არ მქონია, მაგრამ ახლა ამ გადასახედიდან როცა ვხედავ, რომ შალვა იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად გამოდის, რომლებმაც შვილი ნელი სიკვდილით მომიკლეს, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს.რაც შეეხება მურუსიძეს ის მაშინაც ნამუსგარეცხილი იყო და ახლაც ასეთია. ამ კუთხით შალვა სწორია, მისნაირი მოსამართლეები რომ აღარ უნდა სასამართლო სისტემაში, მაგრამ ხომ შეიძლებოდა სხვა ფორმით სხვა ადამიანების გვერდით დამდგარიყო და ისე ებრძოლა და არა ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლებთან?! იმ რეჟიმმა მომიკლა შვილი და ვინც მათ მიეტმასნება ჩემთვის ყველა არის საზიზღარი პიროვნება. ყოველ დღე დავდივარ სულხანის საფლავზე, დავტირივარ და სანთელს ვუნთებ, შვილი აღარ მყავს, ეს გამიკეთეს “ნაციონალებმა”, არავინ მომეწონება მათ გვერდით”, – აღნიშნა თამაზ მოლაშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლე ლევან მურუსიძის თქმით, მას აქვს ნანახი მასალები, სადაც მოლაშვილი გიგა ბოკერიას წამებაში ადანაშაულებდა.

შესაბამისი განცხადებით ლევან მურუსიძემ ბლოკ „ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს შალვა შავგულიძეს “იმედის” ეთერში, დებატებისას მიმართა.

„მე ამოვწიე გარკვეული მასალები, სადაც ბატონი სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა ციხეში წამება და ამ საქმეში ხელს ადებდა გიგა ბოკერიას. თქვენ იყავით მოლაშვილის ადვოკატი, იცავდით ოჯახის ინტერესებს და სარგებლობდით ოჯახის ნდობით. დღეს ხართ იმ პარტიის წევრი, ვისაც ადებდა ხელს მოლაშვილი”, – მიმართა მურუსიძემ შავგულიძეს.