სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პარლამენტში – ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკა მელია და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება პლენარული სესიის დაწყებამდე, პარლამენტის ეზოში მოხდა. დეპუტატებმა ერთმანეთს პოლიტიკური წარსული შეახსენეს. როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, არ აპირებს ზაზა პაპუაშვილისგან შეურაცხყოფა მოითმინოს .
“არ ვაპირებ დეპუტატად წოდებული ზაზა პაპუაშვილის ლანძღვა-გინების მოთმენას, რომელსაც ადგილი აქვს დღენიადაგ. რა გაუკეთებია, ორი მოწვევის პარლამენტის წევრია ხელისუფლებიდან“, – განაცხადა მელიამ.
რაც შეეხება უმრავლესობის დეპუტატს, ზაზა პაპუაშვილი ამბობს:
„რაც მისაღები იყო მიიღო და კიდევ მიიღებს ასეთი უზრდელობისა და უტაქტობის გამო. ჩვეულებრივი პროვოკატორია მეტი არაფერი. არჩევნები ახლოვდება და არჩევნების აწევა უნდა. დაპირისპირება ნაწილობრივ ფიზიკურად და ნაწილობრივ სიტყვიერად მოხდა. არ ვიცი, ახლა მიზეზი რა იყო. გითხარით, ვინც არის და რაც არის. რაც მითხრა, იმის პასუხი მიიღო. ჩხუბში გამომიწვია, ეგ იყო და ეგ. მერე კიდევ უფრო კარგად გაიგებთ“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
აღნიშნულ დაპირისპირებას, კერძოდ კი ნიკა მელიას მხრიდან გაკეთებულ კომენტარს ზაზა პაპუაშვილთან დაკავშირებით, მსახიობი ქეთევან კიკნაძე ეხმაურება:
“ნიკა მელია: – ” ვინ არის პაპუაშვილი?” მაშ, განვმარტოთ ვინ არის პაპუაშვილი?! – მან დიდი წვლილი შეიტანა ქართულ კულტურაში, წლების მანძილზე ემსახურებოდა ქარულ თეატრს. შემდეგ წავიდა პოლიტიკაში (გარკვეული პრინციპების გამო)”.
კარგი იქნებოდა მელიას ეთქვა, თითონ რა აქვს გაკეთებული ზონდერობის გარდა…“, – წერს ქეთევან კიკნაძე სოციალურ ქსელში “ფეისბუქი”