“ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამის გამო ასეთი ტრამპიტაური მოხდეს”

“ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამის გამო ასეთი ტრამპიტაური მოხდეს”

საქართველოს პრეზიდენტის მიერ „ტვიტერის“ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტის გადაზიარებაზე ატეხილ აჟიოტაჟს მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში “ფეისბქუი” ეხმაურება:

“საინტერესოა, რატომ არ შეიძლება ტრამპის ციტირება? რატომ დაესხა თავს პრეზიდენტს სრულიად ნაც-ქოცეთი? თუ ტრამპის გამონათქვამი ბაიდენზე არ არის კორექტული, ეს ტრამპ-ბაიდენობის ამბავია, ამის გაზიარება კი სულაც არ ნიშნავს რომელიმეს მხარდაჭერას. პრეზიდენტი ცოცხალი ადამიანია და არა კიბერ-რობოტი, მას შეიძლება ჰქონდეს პოზიცია და ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ეს პოზიცია შეიძლება არ ემთხვევოდეს ბატონი ბოკერიას, ბატონი შინმოუსვლელის და ბატონი ბიძინას პოზიციას და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამის გამო ასეთი დავიდარაბა და ტრამპიტაური მოხდეს”, – წერს გლურჯიძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაზიარდა დონალდ ტრამპის „ტვიტი“, სადაც ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული „ტვიტი“ წაიშალა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტის გადაზიარება სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომა იყო.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, განიხილება ორი ვერსია, რომ ეს იყო სოციალური ქსელების მართვის მენეჯერის შეცდომა ან კიბერთავდასხმა.

„უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას. შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის სხვადასხვა ფაქტის გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასევე კიბერთავდასხმის გამორიცხვაც. ვფიქრობთ, საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათა შორის, შეიძლება ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოკვლევა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.