ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ფილოლოგისა და ენათმეცნიერის კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წლის იუბილე აღინიშნა.
„კორნელი კეკელიძეს დაბადებიდან 140 წელი შეუსრულდა და მისი სახელი მართლაც იშვიათია ჩვენს მეცნიერებაში. კორნელი კეკელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლების განმავლობაში ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი იყო. იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი, რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი და უამრავი თაობის აღმზრდელი,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიხსნა.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, სწორედ კორნელი კეკელიძის სახელს უკავშირდება მეცნიერების დარგის - ქართული ლიტერატურის ისტორიის შექმნა. მან თავიდანვე განსაზღვრა ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის დიდი მნიშვნელობა, როგორც ქართული კულტურის ისტორიაში, ისე მსოფლიო კულტურის ისტორიის თვალსაზრისით.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, თსუ ასოცირებული პროფესორის ელგუჯა ხინთიბიძის განცხადებით, კორნელი კეკელიძის 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება, მათ შორის დაგეგმილია სამეცნიერო სესიები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კორნელი კეკელიძის სახელობის ქართულ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. „მისი მოწაფეები ვცდილობთ ის შემართება შევინარჩუნოთ, რაც კორნელი კეკელიძეს, ივანე ჯავახიშვილს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ მაშენებლებს ჰქონდათ,“ - განაცხადა თსუ პროფესორმა.
კორნელი კეკელიძის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები 14 მაისს თსუ მუზეუმში კორნელი კეკელიძისადმი მიძღვნილი გამოფენით დაიხურება.
კორნელი კეკელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. კორნელი კეკელიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც შეისწავლა, გამოიკვლია და გამოაქვეყნა ძველი ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნიმუშები (ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრიცხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის ნაშრომები).