,,გუშინ შენ მე და ჩემ ბიჭებს ამ ქვეყნის დალაგების, მოწესრიგების და გამარჯვების იმედი განგვიმტკიცდა” – პარტია ,,შენების მოძრაობის” ლიდერი, დავით უსუფაშვილი, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც სადღესასწაულო დღეებში, გადატვირთული საგზაო მოძრაობის დროს მომხდარ ისტორიას იხსენებს.
,,სააღდგომო სამოგზაურო თავგადასავლების სერიალიდან მინდა გუშინ საღამოს კახეთიდან თბილისისკენ მომავალი და გომბორის გადასახვევამდე 5 კილომეტრიან საცობში 2 საათით თანაგაჭედილი თანამემამულე „ZU***KA“-ს ამბავიც იცოდეთ.
დიახ, 2 საათის განმავლობაში ასობით ავტომობილმა გადაგვასწრო მარჯვნიდანაც და მარცხნიდან, შემხვედრ ზოლზეც და გზისპირა გრუნტზეც, შემხვედრი ზოლის გადაღმა გრუნტზეც და ჩვენგან მარჯვნივ ქარსაცავ ზოლშიც; დიახ, სწორედ ამ გადამსწრებების გამო იყო შექმნილი უზარმაზარი საცობიც; დიახ, ამ ყველაფრის შემხედვარე შეუძლებელი იყო არ მისულიყავი ამ ქვეყნის დალაგების მცდელობის ამაოების განცდამდე…
მაგრამ, ეს ყველაფერი ერთმა კაცმა გადაწონა, ერთი კაცის იმედი გამიჩნდა და ამ იმედმა დამიბრუნა ქვეყნის დალაგების რწმენა. ეს იყო „ZU***KA“, რომელიც მთელი საათნახევარი ჩვენს წინ ჯიუტად მიგორავდა კუთვნილ ზოლში და ვაჟკაცურად იტანდა ცდუნებებს მარცხნიდანაც და მარჯვნიდანაც (ცოდვას ვერ დავიდებ კახეთიდან მომავალი კაცის წინაშე და არ დავფარავ, რომ დროდადრო გადამსწრებების მიმართულებით მისი ხელების მოძრაობით მისი გულითადი „დალოცვებიც“ თითქმის გვესმოდა:).
მოკლედ, მეც და ჩემი ბიჭებიც „ZU***KA“-ს ფანები გავხდით, მის გამძლეობას ვადიდებდით და მის იმედად მთებს დავეჭიდებოდით… მაგრამ, საათნახევრის შემდეგ ერთ წამში ჩამობნელდა – „ZU***KA“-მ ვერ გაუძლო, მკვეთრი მანევრით მარცხენა შემხვედრ ზოლში გადავიდა და გაფრინდა! გულჩაწყვეტილები დავმუნჯდით. ათას მარჯვნივ-მარცხნივ გადამსწრებებზე ბრაზი, დარდი და ბოღმა ამ ერთში იმედგაცრუებამ გადაფარა…
მაგრამ მომდევნო წამმა კვლავ ზეცაში აგვტყორცნა – „ZU***KA“ თურმე იმაზე მაგარი ყოფილა, ვიდრე გვეგონა! ამ მანევრით მან მხოლოდ იმ ორ ავტომობილს გადაასწრო, რომლებიც მას მარცხნიდან შეუხტნენ რიგში და მერე მშვიდად და ჯიუტად გააგრძელა თავის რიგში კუს ნაბიჯით გადაადგილება! გიგა და სანდრო უკვე მთელი ხმით „ZU***KA“ – „ZU***KA“-ს გაჰკიოდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ. რაღაცა ძალიან-ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა მათთვისაც და ჩემთვისაც…
და, ფინალი… მივყვებით 1 კილომეტრსაათი სიჩქარით ჩვენს გმირს და იმედს „ZU***KA“-ს და უცებ გზაზე დაღვრილმა სითხემ მიიქცია ჩვენი ყურადღება – აშკარად „ZU***KA“-ს ავტომობილიდან დაიწყო დენა საწვავმა ან ზეთმა… ამჯერად უკვე ჩვენ გადავედით გზის საფარს მიღმა, გვერდში ამოვუდექით მას და დავუსიგნალეთ. მან ხელის ნაცნობი მოძრაობით მოგვმართა, როგორც მორიგ მარცხნიდან გადამსწრებს:), მაგრამ ჩვენ მოვასწარით შეძახება. შემდეგ ჩვენ ნაკადმა გაგვიტაცა და შორიდან დავინახეთ, როგორ გადააყენა მან ავტომობილი.
ჰოდა, ძვირფასო „ZU***KA“, ქრისტე აღდგა! გუშინ შენ მე და ჩემ ბიჭებს ამ ქვეყნის დალაგების, მოწესრიგების და გამარჯვების იმედი განგვიმტკიცე. მჯერა, ხვალაც ეგრე იზამ და შენს მრწამსთან დარჩები. სწორი გზით სიარული, რაც არ უნდა განსაცდელები ახლდეს მას, სწორი არჩევანია! ქრისტეც ამის სათქმელად იშვა და აღდგა და არა მარჯვნიდან და მარცხნიდან გადამსწრებთა სადეკორაციოდ…”