“ესაა სიმართლე…”

“ესაა სიმართლე…”

დღეს, 30 აპრილს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა საზეიმოდ გაიხსნა. საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გახსნა. სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ჩვენი ქვეყნის ევროსაბჭოში გაწევრიანების მნიშვნელობის, ასევე, განვლილ 20 წელიწადში, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზეიმო თარიღის პარლამენტში აღნიშვნა სიმბოლურია, რადგან ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იყო, არის და იქნება თანამედროვე ქართული დემოკრატიის ქვაკუთხედი. მისი თქმით, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებების მიუხედავად, სწორედ პარლამენტში გადაიდგა ისტორიული ნაბიჯები, რომლებმაც საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სამართლის უზენაესობის აღიარებამდე, ძალაუფლების დაბალანსების პრინციპის დამკვიდრებამდე მიგვიყვანა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პროგრესის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოცი წლის წინ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანება იყო.

საზეიმო სხდომას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები.

საზეიმო ღონისძიების დასასრულს, მომღერალთა გუნდმა „მრავალჟამიერი“ შეასრულა.

საზეიმო სხდომას დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“დღეს, პარლამენტის საზეიმო სხდომაზე არცერთმა გამომსვლელმა არ ახსენა ედუარდ შევარდნაძე, მიუხედავად იმისა, რომ უპირველესად, სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანდა. ესაა სიმართლე, რაც დღეს მაინც უნდა გაგვხსენებოდა”, – დაწერა კვაჭანტირაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე.