„ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამოწვევა – საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა ჩვენს მთელ ტერიტორიაზე”

„ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამოწვევა – საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა ჩვენს მთელ ტერიტორიაზე”

უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ყველზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ განსაკუთრებული როლი შეასრულოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების მოსახლეობის უფლებების დაცვაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე განაცხადა. კობახიძემ სიტყვით გამოსვლაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამოწვევა – საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა ჩვენს მთელ ტერიტორიაზე, ევროპის საბჭოს განსაკუთრებული ყურადღების საგანია. უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ განსაკუთრებული როლი შეასრულოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების მოსახლეობის უფლებების დაცვაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სწორედ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე უნდა მოხდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს წევრობა უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრების თვალსაზრისით.

„ევროპის საბჭოში გაწევრიანების პირველივე დღიდან, ჩვენს საზოგადოებას კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ სახელმწიფოებრიობა და დემოკრატია ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. სწორედ ამიტომ, ყოველთვის, როდესაც დემოკრატიული მონაპოვარი საფრთხის წინაშე დგებოდა, ჩვენი ხალხი იღებდა ბრძნულ გადაწყვეტილებას და ახალ სტიმულს აძლევდა დემოკრატიული პრაქტიკის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანმა შეცვლამ მოგვცა კიდევ ერთი ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოგვეყვანა ჩვენი პოლიტიკური სისტემა, რისი მნიშვნელოვანი ეტაპიც იყო შარშანდელი საკონსტიტუციო რეფორმა. ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რომ დაცული იყოს თითოეული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, რადგან მათ გარეშე დემოკრატია მხოლოდ ცარიელი სიტყვაა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ