ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ლილიან მორი პასკიე საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ულოცავს.
ლილიან მორი პასკიემ პარლამენტში საზეიმო იუბილესადმი მიძღვნილ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, საქართველომ არაერთი დაბრკოლება გადალახა და ბევრი გამოწვევა დაძლია. ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროსაბჭოსთან ერთად გადალახავს დარჩენილ პრობლემებს და გზას პროგრესისკენ განაგრძობს.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ აქ ვიმყოფები, საქართველოს პარლამენტში ამ დღეს, რომელსაც აღვნიშნავთ – ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის თავს. დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და თქვენი თბილი სტუმართმოყვარეობისთვის. საქართველოს გაწევრიანება ევროსაბჭოში 20 წლის წინ, არაჩვეულებრივი ნაბიჯი იყო დემოკრატიული ინსტიტუციების კონსოლიდირებისთვის თქვენს ქვეყანაში და ძალიან დიდი ბიძგი რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა კონსტიტუციური რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი სფეროები და მიმართულებები.
მე ვამაყობ იმით, რომ ევროსაბჭოს ინსტიტუციები, როგორიც არის ვენეციის კომისია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია და ჩვენი ასამბლეა ასოცირებულია მნიშვნელოვან რეფორმებთან იმისთვის, რომ უზრუნველყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნის და გამოცდილების აკუმულირება სწორედ ჩვენი წევრი ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო 20 წლის მანძილზე. დარწმუნებული ვარ, საქართველო ისარგებლებს ევროსაბჭოს გამოცდილებითა და ცოდნით, გაიზიარებს ჩვენს რეკომენდაციებს და თავის მხრივ, ევროსაბჭო მიიღებს გამოცდილებას და ცოდნას საქართველოს მიღწევების საფუძველზე. როცა 20 წლის თავზე ვსაუბრობთ, მინდა მოგილოცოთ თქვენ, თქვენ უწყებებს და ყველა პოლიტიკურ მხარეს ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც 20 წლის მანძილზე განხორციელდა. ჩვენ ვაღიარებთ იმ დიდ მცდელობას, რომელიც თქვენი მხრიდან იყო განხორციელებული, ასამბლეა ამას ხედავს. საქართველომ გადალახა არაერთი დაბრკოლება ბოლო 20 წლის მანძილზე და თქვენი ქვეყანა ნამდვილად უნდა ამაყობდეს იმით, რომ ძალიან ბევრი გამოწვევა დაძლიეთ. ვფიქრობ, საქართველო ევროსაბჭოსთან ერთად გადალახავს დარჩენილ გამოწვევებს და პრობლემებს და გააგრძელებს გზას პროგრესისკენ“, – განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.