“ჩვენ შევძელით და შევქმენით სახელმწიფო, რომელიც თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა ორ კონტინენტს შორის და აკავშირებს ევროპას აზიასთან,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 20 წლის წინ ქვეყანამ გადადგა პრინციპული ნაბიჯი ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანის – ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის.
„ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ გაიარა ტრანსფორმაციის ძალიან რთული გზა. ბოლო წლებში გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, საქართველო გარდაიქმნა თანამედროვე და დემოკრატიულ სახელმწიფოდ და ეს გახლავთ სწორედ ჩვენს ევროპულ ოჯახთან ურთიერთობის, საერთო ღირებულებებისა და კულტურის შედეგი. 20 წლის წინ საქართველომ სერიოზული ვალდებულებები აიღო. საქართველომ პირობა დადო, რომ შექმნიდა შეუქცევადად დემოკრატიულ სახელმწიფოს, გააძლიერებდა კანონის უზენაესობას; განახორციელებდა სასამართლო რეფორმას; იბრძოლებდა კორუფციის, წამებისა და არაჯეროვანი მოპყრობის წინააღმდეგ; უზრუნველყოფდა გამოხატვის და მედიის თავისუფლებას და გააძლიერებდა ადამიანის უფლებების დაცვას. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს წინსვლა აქვს ყველა ამ მიმართულებით და ეს შესაძლებელი გახდა ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით და კომუნიკაციით. ამ წლების განმავლობაში ჩვენ მხარში გვედგა ევროპის საპარლამენტო ასამბლეა, მინისტრთა კომიტეტი, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი, ვენეციის კომისია, ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი და ადამიანის უფლებების მონიტორინგის სხვა ორგანოები. მათი აქტიური მხარდაჭერით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით და უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიული ტრანსფორმაციის მიმართ ქართველი ხალხისა და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ძალისხმევით, უკანასკნელი წლების განმავლობაში მსოფლიოს დავანახეთ, რომ საქართველო თავისუფლების, დემოკრატიისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ერთგულია“, – განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს ამბიცია და ხედვა, რომ მშვიდობიანი არსებობის წესები დაამკვიდროს და შექმნას მდგრადი და დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო.
„ჩვენ შევძელით და შევქმენით სახელმწიფო, რომელიც თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა ორ კონტინენტს შორის და აკავშირებს ევროპას აზიასთან. ამ გამოწვევებით აღსავსე რეგიონში საქართველოს აქვს ამბიცია და ხედვა, რომ მშვიდობიანი არსებობის წესები დაამკვიდროს და შექმნას მდგრადი და დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო“, – აღნიშნა პრემიერმა.