კაცობრიობის ისტორიაში პირველად - მსოფლიოში უფრო მეტი მოხუცია, ვიდრე ბავშვი

კაცობრიობის ისტორიაში პირველად - მსოფლიოში უფრო მეტი მოხუცია, ვიდრე ბავშვი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წლის ბოლოს 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე პატარების საერთო მაჩვენებელს გადააჭარბა. ამ დროისთვის დედამიწაზე პირველი კატეგორიის 705 მილიონამდე წარმომადგენელი ცხოვრობს. 5 წლამდე ბავშვების საერთო რაოდენობამ კი 680 მილიონი შეადგინა. მეცნიერთა განმარტებით, ეს ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ 2050 წლისთვის არსებული სხვაობა უფრო თვალშისაცემი გახდება, რაც ნიშნავს, რომ 5 წლამდე ასაკის 1 ბავშვზე 65 წელს გადაცილებული 2 ადამიანი მოვა. ქვეყნების უმრავლესობაში ადამიანები უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ და ამავდროულად, სულ უფრო ნაკლები შვილები ჰყავთ.

გაეროს მონაცემებით, 65 წელს გადაცილებული ადამიანები იაპონიის მოსახლეობის 27%-ს შეადგენენ. ეს მაჩვენებელი იტალიაში 23%-ია, აშშ-ში - 14.1%, ჩინეთში - 10.6%, ბრაზილიაში - 8.5%, ინდოეთში - 5.9%, ირანში - 5.4%, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში - 4.9%, საჰარის უდაბნოს სამხრეთით კი - 3%-ს. ამერიკელ მეცნიერთა ვარაუდით, მთელი მსოფლიოს ქვეყნების თითქმის ნახევარში შობადობის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1960 წელს შობადობის მაჩვენებელი 1 ქალზე 5 ბავშვს გულისხმობდა. თითქმის 60 წლის შემდეგ კი ეს კოეფიციენტი დაახლოებით 2-ჯერ შემცირდა - დღეს უკვე 1 ქალზე 2.4 ბავშვი მოდის.

რაც შეეხება საქართველოს, აქ შობადობის ზოგადი კოეფიციენტი, რომელიც ყოველ 1000 კაცზე დაბადებულთა რიცხოვნობას ასახავს, 2017 წლის მონაცემებით, 14.3%-ს შეადგენს.