დღეს დიდი შაბათია. დიდი შაბათი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წინა დღეა. ვნების შვიდეულის შაბათი ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და მას ლოდი მიაგორა. წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით საფლავში იმყოფებოდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში მართალთა სულების ამოსაყვანად ჩაბრძანდა.
მაცხოვრის საფლავი აღდგომის ტაძარში მდებარეობს. უფლის საფლავზე აღმართულია სამლოცველო - კუვუკლია, რომელიც ანგელოზის ეკვდერისა და საკუთრივ მაცხოვრის საფლავისაგან შედგება.
მაცხოვრის საფლავის გამოქვაბული სიგრძით სულ 207 სანტიმეტრია, სიგანით - 193. გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს, თითქმის ნახევრამდე, მარმარილოს ფილით დაფარული ქვის სარეცელია. მას ორივე მხრიდან ეკვრის თარო, რომელზეც დაბრძანებულია აღდგომის 3 ხატი. ამ სიწმინდეს მართლმადიდებლებთან ერთად კათოლიკეები და სომხებიც ფლობენ და ხატებიც მათივე აღმსარებლობის ხატწერის კანონიკის მიხედვითაა შესრულებული. ხატებს ქვეშ წითელი ხავერდი უგია, რომლის ცენტრში ბერძნული წარწერაა: „ქრისტე აღსდგა“.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლამდე მორწმუნეები მაცხოვრის საფლავთან წინა დღით - წითელ პარასკევს იკავებენ ადგილს, რათა რაც შეიძლება ახლოს მოხვდნენ პატრიარქთან და მისი ხელიდან მიიღონ მადლმოსილი ცეცხლი. ისინი მთელ ღამეს ლოცვასა და მღვიძარებაში ატარებენ. სანთლებს კონებად კრავენ და მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან. თითოეულ კონაში 33 სანთელია, მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების წელთა აღსანიშნავად.
ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლისათვის 3 აუცილებელი პირობაა საჭირო. ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანთი „ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრებით.
მეორე პირობაა საბაწმინდელი ბერების ლოცვა და მესამე, ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი -მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური. ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის ხელში გადმოდის. სამლოცველოში შესვლამდე პატრიარქი განიმოსება - განიძარცვავს სადღესასწაულო შესამოსელს - და კვართითღა რჩება. იღება კარი და იგი სამლოცველოში შედის. უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს ისეთი, რითაც სანთლის ანთება შეიძლება. მასთან ერთად კუვუკლიაში შესვლა შეუძლია მონოფიზიტ მღვდელმთავარსაც, მაგრამ მას მხოლოს ანგელოზის ეკვდერში დგომის უფლება აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ მადლმოსილი ცეცხლი ზეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე გადმოდის მაშინაც კი, როდესაც გვერდით სხვა კონფესიის (სომხების, კათოლიკების, კოპტების) კანდელები დგას.
რამდენიმე წელია, სამღვდელოებას მადლმოსილი ცეცხლი საქართველოში ჩამოაქვს. როგორც წესი, აღდგომის ცეცხლი საკურთხეველში მთელი წლის განმავლობაში ჩაუქრობლად ანთია და ამ მადლის სახლში წაღება ნებისმიერ მორწმუნეს შეუძლია.