„თქვენ ხართ ნარკომანი, გაიპარსე, მოწესრიგდი

„თქვენ ხართ ნარკომანი, გაიპარსე, მოწესრიგდი"

„თქვენ ხართ ნარკომანი, კრიმინალი და უსაქმური. გაიპარსე, ცოტა მოწესრიგდი და მერე დამელაპარაკე. არ ინერვიულოთ თქვენ….ცოტა უფრო დავარცხნილი ხალხი გამოუშვან ხოლმე, რა ყველა ერთი სახით არის, გეგონება, ყველა ერთი ყალიბიდან არის ჩამოსხმული”, – ამ სიტყვებით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტ მალხაზ ბასიალაიას, რომელმაც ზუგდიდში ექს-პრეზიდენტის ონლაინ ჩართვის დროს მასთან კითხვის დასმა სცადა.

სააკაშვილი ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში დევნილებს სკაიპის საშუალებით პირდაპირ ეთერში ჩაერთო, სადაც მედიის წარმომადგენელმა, მალხაზ ბასილაიამ კითხვის დასმა ითხოვა, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს.შეხვედრის შემდეგ  კამათი სააკაშვილის მხარდამჭერებსა  და მალხაზ ბასილაიას შორის გაგრძელდა.

„მე მინდოდა კითხვის დასმა.  კითხვა მდგომარეობდა შემდეგში – თვლიდა თუ არა ის ახალაიებს გმირებად, თუ – ჩვეულებრივ  დამნაშავეებად.  ამ დროს, მისი მხარდამჭერები ფიზიკურად შემეხნენ. არ მომცეს კითხვის დასმის შესაძლებლობა და ალბათ, თქვენც ნახეთ, როგორ გამწარდა სააკაშვილი, როგორ მომმართა… აბსოლუტურად ყველა ბინძური სიტყვა მიწოდა. მე პირადად ეს მივიღე მუქარად. დავრწმუნდი, რომ ოპოზიციურად განწყობილი მედიის მიმართ  ექსპრეზიდენტი  დღესაც იგივენაირად არის  განწყობილი", - განუცხადა მალხაზ ბასიალაიამ "პრაიმტაიმს".