"მთავრობაში ვიღაცებს თანამდებობის დატოვება მოუწევთ - "მეორე სუნთქვა" და გარდაუვალი ცვლილებები "ოცნებაში"

გახდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი?

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უახლოეს დღეებში ივანიშვილმა შეიძლება პრემიერის კანდიდატურა დაასახელოს და მისი რჩეული ამჯერად ისევ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, "ოცნებაში" არ ადასტურებენ.

თუმცა აცხადებენ, რომ მმართველ გუნდში მეორე სუნთქვა გაიხსნება, რადგან ცვლილება გარდაუვალია და ამის პირობა, რომ მოხდებოდა გადაადგილება და ცვლილება როგორც პარტიაში, ისე მთავრობაში, გაცხადებული იყო ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ.

პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ამ ეტაპზე პრემიერ- მინისტრის შეცვლას და მით უფრო ამ თანმდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას გამორიცხავს, რადგან ხელისუფლებას მოუწევს, დაასაბუთოს, რის საფუძველზე ხდება ეს ცვლილება.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, სამთავრობო ცვლილება მოსალოდნელი იყო და ამას ლოგიკაც მოითხოვდა, თუმცა რამდენად ეფექტური იქნება განახლებელი სამთავრობო გუნდის მუშაობა, ამის პროგნოზირება უჭირს.

"გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ, თუცმცა მაქვს მოლოდინი, რომ მთავრობაში ცვლილება მოხდება და ვიღაცებს თანამდებობის დატოვება მოუწევთ.

"რაც შეეხება ღარიბაშვილის გაპრემიერებას, რა ხდება დღეს სამთავრობო კულუარებში, ვერ გეტყვით, მაგრამ ღარიბაშვილს საკომანდო ფუნქცია რომ უნდოდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ბუნებრივიცაა, რადგან თუ იგი დააბრუნეს ორბიტაზე, შეეცდება კიდეც, მისთვის სასურველი პოზიცია დაიკავოს.

"ვფიქრობ, რომ მას გაუჭრდება მართვა, რადგან ივანიშვილი ამ თანამდებობაზე ეძებს ისეთ კაცს, რომელიც პრემიერიც იქნება და მისი მორჩილიც, ასეთი კადრი კი ბუნებაში არ არსებობს.

"პრემიერი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მორჩილი ვერ იქნება, რადგან თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც ლიდერმა.

"პარტიაში კი, რომელშიც 99% ივანიშვილს შეჰყურებს, როგორც ლიდერს, სხვა ლიდერი ვერ გახდება. ამიტომ, ჩემი აზრით, გამოსავალია ან ივანიშვილი გახდეს პრემიერი, ან საერთოდ წავიდეს პოლიტიკიდან და ახლად არჩეულ პრემიერს დამოუკიდებლად მართვის საშუალება მისცეს. სხვანაირად ამ თანამდებობაზე ვინც გინდა დაინიშნოს, წარმატებას ვერ მიაღწევს," - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

"ბიძინა ივანიშვილმა შემთხვევით არ გააკეთა ეს სვლა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დააბრუნა, მაგრამ ჩააბარებს თუ არა მეორედ პრემიერის პორტფელს, ამის პროგნოზირება გამიჭირდება. თუმცა მოლოდინი მაქვს, რომ მას მხოლოდ პარტიის აღმასრულებელ მდივნად არ დატოვებს, რადგან ამ თანამდებობიდან იგი იმ საქმეს ვერ გააკეთებს, რომელიც დღეს "ოცნებას" სჭირდება.

"ფაქტია, რომ მმართველმა გუნდმა მუშაობა ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს, ახალი იდეებით, ახალი მიზნებით და ახალი პროგრამებით, რადგან 2020 წლის არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება.

"რაც შეეხება თავად ღარიბაშვილს, ვფიქრობ, რომ მისთვის ეს თანამდებობა უზარმაზარი პასუხისმგებლობა და დიდი ტვირთი იქნება, რადგან შეცდომების დაშვების დრო აღარ არის, სწორედ მას მოუწევს იმ რეფორმების გატარება, რომელსაც საზოგადოება ელოდება.

"დანიშვნის შემთხვევაში ვის შეარჩევს თავის გუნდში, მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მხოლოდ ერთგულებით საქმეს ვერ წაადგება, გუნდი პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს," - განაცხადა "რეზონანსთან" მან.

ფრაზა: "გამოსავალია ან ივანიშვილი გახდეს პრემიერი, ან საერთოდ წავიდეს პოლიტიკიდან."