“ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ აქცენტებს – ყველას მოვუწოდებ….”

“ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ აქცენტებს – ყველას მოვუწოდებ….”

ე.წ.უდოს კომისიამ კომპეტენციიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ აქცენტებს, მას აკეთებს ოპოზიცია და ყველას მოვუწოდებ, ნუ ჩაერევიან პოლიტიკური კუთხით ე.წ.უდოს კომისიის საქმიანობაში ” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, „უდოს“ კომისია პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს.

“უდოს“ კომისია არის მთავრობასთან არსებული ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე მოქმედებს. შესაბამისად, მათ კომპეტენციიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დისკუსიისგან დამოუკიდებელი იყოს „უდოს“ კომისიის გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ აქცენტებს, ამას აკეთებს ოპოზიცია და ყველას მოვუწოდებ, ნუ ჩაერევიან პოლიტიკური კუთხით ე.წ.უდოს კომისიის საქმიანობაში,”- აღნიშნა კობახიძემ.

ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. ამის შესახებ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს. უწყების ცნობით, უდოს კომისიამ მერაბიშვილის საქმეზე 11 აპრილს იმსჯელა და მის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ 11 აპრილს განიხილა მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, რაზეც უარი ეთქვა. მსჯავრდებული ინფორმირებულია ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ“, – განაცხადეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

ცნობისათვის, „უდოს“ კომისიას ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის განხილვა 25 თებერვალს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა.საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა იუსტიციის სამინისტროს აპრილის თვის ბოლოს ეწურებოდა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 მაისში დააკავეს. ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარეობს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა, რაზეც უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება აქვს წარდგენილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მიმართ საერთო სასამართლოებს რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი, მათ შორის, აკურას ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე – ორი წელი და სამი თვე; სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – სამი წელი; 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა – ოთხი წელი და ექვსი თვე; კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე – ხუთი წელი; ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება –6  წელი და 9 თვე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო ზომად ექვსი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ეს ვადა კი 2020 წლის თებერვლის ბოლოს იწურება.