რამდენიმე დრის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 1 მაისამდე იმუშავებს, შემდეგ კი კვლავ პატრიარქის ფონდს დაუბრუნდება. განცხადება ამის შესახებ თავად ჟვანიამ გაავრცელა, “ფეისბუქის” გვერდზე.
“ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს. მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია. პირველი მაისიდან მე ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან” – დაწერა ჟვანიამ.
მედიაში აქტიურად მსჯელობენ თუ ვინ დაიკავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს თანამდებობას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშა ჟვანიას შემცვლელი ვასილ მაღლაფერიძე იქნება. თუმცა, თავად მაღლაფერიძე აღნიშულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
“ცნობისთვის! გუშინ ჟურნალისტის მიერ სრულიად უნიადაგო და უკიდეგანო ფანტაზიის სფეროდან დასმულ სატელეფონო შეკითხვას, ვინიშნები თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, მე ვუპასუხე არა ერთი სიტყვით – “რასაკვირველია”, როგორც ამას ინფორმაციებში წერენ, არამედ ორი სიტყვით – “რა საკვირველია”, ანუ რაფრა გამაკვირვეთ-მეთქი. დღეს ვკითხულობ, რომ კანდიდატად განვიხილები”,– დაწერა ვასილ მაღლაფერიძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე.