პანკისში, სოფელ ძიბახევის ტერიტორიაზე, სადაც 21 აპრილს დაპირისპირება მოხდა, პოლიციის დროებითი საგუშაგოს მონტაჟი მიმდინარეობს. რამდენიმე ჯიხურს ამ წუთებში დგამენ.
დაცვის პოლიციის 50-მდე თანამშრომელი, მე-4 დღეა ტერიტორიაზე იმყოფება. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
აღნიშნულ ტერიტორიაზეა დარჩენილი 21 აპრილს პანკისში მომხდარი დაპირისპირებისას დამწვარი კომპანია "ფერის" კუთვნილი ტრაქტორი.
ადგილობრივების ნაწილი სოფელ ბირკიანის ცენტრში, დღეს, 14.00 საათზე შეიკრიბება. ისინი პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე მსჯელობას გეგმავენ.
21 აპრილს პანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც, სამედიცინო დახმარება სულ 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 სამართალდამცველი და 17 ადგილობრივი იყო.