გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე გოტფრიდ ჰანე აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის მიმართ გამოჩენილ ყურადღებას და მთავრობის მზაობას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები და ღონისძიებები და შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს.
ცენტრის ინფორმაციით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადაგმულია პირველი პრაქტიკული ნაბიჯები: 2018 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა (NEHAP); 2019 წლის 19 აპრილს გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების შესახებ"; მომზადებულია ცვლილება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ტყვიის კომპონენტის გათვალისწინებით; დამტკიცდა ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის კლინიკური პროტოკოლი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის, იაშვილის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ შესწავლილ იქნა იმ 16 ბავშვის ოჯახი, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე აღემატებოდა 30 მკგ/დლ-ს და დაიგეგმა შესაბამისი ინტერვენციები.
მთავრობა მუშაობს ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით; საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს.
,,მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევას მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიო ბანკი", - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში