„ჰესთან დაკავშირებით საკითხი დახურულია... დღეს სიმშვიდეა ხეობაში“

„ჰესთან დაკავშირებით საკითხი დახურულია... დღეს სიმშვიდეა ხეობაში“

„ხალხი შეშფოთებულია. შემდგომი მდგომარეობა და სიტუაცია ხეობაში იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება. კვირას, როდესაც ეს ამბავი მოხდა, შინაგან საქმეთა მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი და სხვები იყვნენ ჩამოსული. პოლიცია რჩება ადგილზე, მაგრამ მცირერიცხოვანი. ჰესის მშენებლობა შეჩერდა და დღეს სიმშვიდეა ხეობაში," - აცხადებს „რეზონანსთან" პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი დღეს ხეობაში არსებული ვითარების შესახებ საუბრისას.

ხანგოშვილის განცხადებით, პანკისის ხეობის მცხოვრებთა უმეტესობა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია და მისი თქმით, „საკითხი დახურულია".

„თუ 90% იქნება ჰესის მშენებლობაზე თანახმა, განახლდება, და ასეთი რამე კიდევ, არ მოხდება. საეჭვოა ხეობაში ამ ჰესის მშენებელებს ამდენი მომხრე ჰყავდეთ. ვფიქრობ, რომ ჰესთან დაკავშირებით საკითხი დახურულია," - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

ცნობისათვის, 21 აპრილს პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამის შემდეგ სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა - აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა და მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე კი შსს-მ გამოძიება დაიწყო.