ნაზარბაევმა საპრეზიდენტო კანდიდატად ტოკაევი დაასახელა

ნაზარბაევმა საპრეზიდენტო კანდიდატად ტოკაევი დაასახელა

ყაზახეთის ექსპრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც პარტია „ნურ ოტანს“ ხელმძღვანელობს, საპრეზიდენტო კანდიდატად 2019 წლის 9 ივნისს დაგეგმილ არჩევნებში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი დაასახელა.

BBC-ის ცნობით, ნურსულთან ნაზარბაევმა პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ გააზრებული გადაწყვეტილება მიიღო და კასიმ-ჟომარტ ტოკაევი კარგი კანდიდატურაა. 

კასიმ-ჟომარტ ტოკაევის გადაწყვეტილებით, არჩევნები მომავალი წლის ნაცვლად, მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდება.

პრეზიდენტის მოვალეობა ტოკაევს 2020 წლის აპრილამდე უნდა შეესრულებინა. სახელმწიფო მეთაურის პოსტი მან მას შემდეგ დაიკავა, რაც 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა.

ყაზახური მედია ირწმუნება, რომ არჩევნებში ნაზარბაევის შვილი მონაწილეობას არ მიიღებს.

ნაზარბაევი თანამდებობიდან 19 მარტს გადადგა. 2019 წლის 23 მარტს კი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას სახელი შეეცვალა და ნურსულთანი ეწოდა.