თურქეთში ოპოზიციის ლიდერზე თავდასხმის საქმეზე ცხრა ადამიანი დააკავეს

თურქეთში ოპოზიციის ლიდერზე თავდასხმის საქმეზე ცხრა ადამიანი დააკავეს

თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერზე ქემალ ქილიჩდაროღლუზე თავდასხმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 9 ადამიანია დაკავებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს პროვოკაცია უცხოეთიდან იყო დაგეგმილი, არ დადასტურდა. ადამიანი, რომელიც ქილიჩდაროღლუს დაესხა თავს, გარდაცვლილი სამხედროს ნათესავი აღმოჩნდა. ამას გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც ადასტურებს. გამოძიების ფარგლებში სოფელ აქუზულუს ცხრა მკვიდრია დაკავებული“, - განაცხადა სოილუმ.

ამასთან, ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქილიჩდაროღლუზე მომხდარი თავდასხმა დაგმო. „სამწუხაროდ, სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვის ცერემონიაზე ცუდი ინციდენტი მოხდა. სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერის ქემალ ქილიჩდაროღლუს წინააღმდეგ პროტესტები ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა. მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება. არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანაში მშვიდობა დაარღვიოს“, - წერს ერდოღანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

21 აპრილს ანკარის შემოგარენში ადამიანთა ჯგუფი თურქეთის მთავარი ოპოზიციური „სახალხო-რესპუბლიკული პარტიის“ ლიდერს ქემალ ქილიჩდაროღლუს თავს დაესხა. ოპოზიციური პარტიის ლიდერი თურქი სამხედროს დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებოდა. სამგლოვიარო ცერემონიის დროს ადამიანთა ჯგუფმა ქილიჩდაროღლუზე თავდასხმა სცადა, თუმცა პოლიტიკოსის დაცვის წევრებმა ის შემთხვევის ადგილს გაარიდეს.