არიან ადამიანები, რომლებიც ხელოვნურად ძაბავენ ქვეყანაში სიტუაციას ,ახლა ძალიან ბევრს მოუნდება, რომ პანკისში სიტუაცია კიდევ უფრო არიოს, -აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე „2020NEWS-თან“ საუბრისას პანკისის ხაობაში დილიდან განვითარებულ მოვლენებზე.
„რატომ მიიყვანეს საქმე აქამდე და რატომ მოხდა ეს ყველაფერი მაინცდამაინც დღეს, ბზობის დღესასწაულზე? პირველ რიგში, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ხელოვნურად ძაბავენ სიტუაციას ქვეყანაში. დღევანდელ დღემდე ხალხს უხსნიდნენ, რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ხეობაში ჰესის მშენებლობას. მაგრამ მე ვიცი, რომ მოლაპარაკება იყო, რომ საბოლოო კვლევა უნდა ჩატარებულიყო, თუ რამდენად უსაფრთხო იქნებოდა ეს ჰესი. კვლევის შედეგები უნდა გაცნობოდა საზოგადოებას, თუმცა ეს კვლევები დამთავრებული არ არის. აბა, დღევანდლი დღე რატომ მოხდა? ვის უნდა აწყობდეს ეს? ვერ ვიტყვი. მე რომ ვიყო ხელისუფლების წარმომადგენელი, ამ კითხვას დავსვამდი ხელისუფლებაშივე , რატომ ვაკეთებთ ამას დღეს? არ შეიძლებოდა ამის გაკეთება ორი თვის წინ, ან ორი თვის მერე? “განაცხადა არეშიძემ.
არეშიძისთვის გაუგებარია, რატომ გახდა პანკისელებთან დაპირისპირება აუცილებელი, მაშინ როდესაც მათთან მოლაპარაკება შესაძლებელი იყო.
„რა საჭირო იყო პანკისელებთან დაპირისპირება? ეჭვი მაქვს, რომ ამას, უარეს შემთხვევაში, შეგნებულად აკეთებენ, ან , უბრალოდ, უტვინობით მოსდით. პანკისის ხეობა არის ძალიან სენსიტიური და მუდმივად იყო სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესის საგანი. ბევრჯერ მოინდომეს პროვოკაციული სივრცის შექმნა. როცა მაინცდამაინც პანკისში იქცევი ასე ე.ი. აკეთებ იმისთვის, რომ მერე შექმნილი მდგომარეობა ვინმემ გამოიყენოს. მე არ ვიცი, რა დაალაგებს ვითათარებას. რა გველოდება, ვერ გეტყვით. საზოგადოების დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ მაქვს. პანკისს სჭირდება სენსიტიური მიდგომა, ისევე, როგორც სვანეთის მოსახლეობას. არ შეიძლება, მსგავსი საკითხების ასე დაუფიქრებლად გადაწყვეტა იმიტომ, რომ ამას სახელმწიფოსთვის ცუდი შედეგები მოაქვს“, აცხადებს მამუკა არეშიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან პანკისის ხეობაში სიტუაცია დაძაბულია. ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.