ამ სიტუაციაში მეხუთე კოლონას ამოქმედებას ვერ გამოვრიცხავთ...

ამ სიტუაციაში მეხუთე კოლონას ამოქმედებას ვერ გამოვრიცხავთ...

პანკისის ხეობაში ვითარების განმუხტვასთან ერთად, აუცილებლად უნდა გაირკვეს იმ პროვოკატორთა ვინაობა, ვინც საქმე პოლიციასა და ადგილობრივ მცხოვრებთა შორის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიიყვანა, - ამის შესახებ პანკისის დღევანდელ მოვლენებზე „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

„ამ რეგიონში ამ ტიპის რბევები საკმაოდ სახიფათოა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მაჩალიკაშვილის ისტორია ჯერ დახურული არ არის. ამიტომ, ხელისუფლებას ძალიან სერიოზული დიპლომატიური ძალისხმევა და დიდი სიბრძნე სჭირდება იმისათვის, რომ მოვლენებმა უფრო დრამატული ხასიათი არ მიიღოს.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ სიტუაციაში მეხუთე კოლონას ამოქმედებას ვერ გამოვრიცხავთ. იმის გარდა, რომ ეს სიტუაცია უნდა ჩაქრეს, პროვოკატორების ვინაობაც უნდა დადგინდეს," - ასე გამოეხმაურა პანკისში მიმდინარე პროცესებს, პოლიტიკური ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

ხუხაშვილის თქმით, გიორგი გახარია სიტუაციის განეიტრალებას შეძლებს, თუმცა, პრობლემის სრულად მოსაგვარებლად, საჭიროა, გაირკვეს, ამ პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების მოქმედება რამდენად ადეკვატური იყო, რადგანაც მის განხორციელებამდე ნოყიერი ნიადაგი უნდა შექმნილიყო, რაც გულისხმობს მაქსიმალური კომუნიკაცია მოსახლეობასთან და სხვა.

„ხელისუფლება უხარისხო წინასწარ სამუშაოებს ატარებს და მერე საკმაოდ სერიოზულად უწევს ამ ყველაფერზე პასუხისგება," - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტის აზრით, არასამთავრობოების მოთხოვნა ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით, საკმაოდ არასერიოზული და უმნიშვნელოა.

„მე არ ვიცი ისინი ინტერესთა კონფლიქტს რას უწოდებენ. ინტერესთა კონფლიქტი ძალიან ბევრს სხვასაც აქვს. ყოველ შემთხვევაში, ეს თემა დღეს მთავარი არ არის. თანამდებობიდან ადამიანების გადაყენება არაფერს შეცვლის, რადგანაც ჩვენ სისტემური პრობლემა გვაქვს", - აცხადებს ხუხაშვილი.