პროცესი მართულია გარკვეული ჯგუფების მიერ - ასე ეხმაურება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს.
„პროცესი მართულია გარკვეული ჯგუფების მიერ, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, პოლიციას არ ეხალისება ძალის გამოყენება, მაგრამ თუ კანონი ირღვევა, პოლიცია ვალდებულია მოახდინოს რეაგირება. პროტესტის ფორმა არასწორია. ამ პროექტს მოაქვს სარგებელი. ჩვენ არ ვართ იმ პირობებში რომ უარი ვთქვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.“ - განაცხადა სესიაშვილმა.
პანკისის ხეობაში მოქალაქეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მშენებლობა დღეს უნდა დაწყებულიყო. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. დაზიანდა როგორც პოლიციის, ასევე მოქალაქეების კუთვნილი მანქანები. დაშავდა 15 პოლიციელი.
პანკისში ჩავიდა შს მინისტრი გიორგი გახარია.
პანკისში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
არასამთავრობოები პანკისის მოვლენების გამო ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას ითხოვენ. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მზადაა მოლაპარაკებაში ჩაერთოს.