„საკითხის ეს ნაწილი ათწლეულებია ღიაა. უნდა მოწერსიგდეს და დარეგურირდეს - ამას ფიქრობს როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე. ისე არ არის, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობებით აზერბაიჯანთან. ამ ურთიერთობებს როგორც ჩვენ, და ასევე აზერბაიჯანიც უნდა გაუფრთხილდეს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, დავით გარეჯის აღდგენასა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის შესახებ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის დიალოგის განახლება აუცილებელია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ორ მხარეს შორის ურთიერთობა არ დაიძაბოს.
„ეს საკითხი არ იქნება მარტივი, მაგრამ დიალოგი უნდა დაიწყოს და ორივე მხარე ვეცადოთ, რომ დაძაბულობა თავიდან ავიცილოთ - შევძლოთ ამ კონფლიქტის მოგვარება. ეს არის ყველაზე სასურველი ვარიანტი როგორც ჩვენთვის, ისე აზერბაიჯანელებისთვის.
„იმის თქმა, რომ აზერბაიჯანთან სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს და ამიტომ ჩუმად ვიყოთ, ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ, ეს სწორი პოზიცია არ არის, მაგრამ მოლაპარაკების დონეს, ხარისხს და ზღვარს გააჩნია, რომლის იქით, ურთიერთობების გაუარესებისაკენ არც ჩვენ და არც აზერბაიჯანელებმა ნაბიჯი არ უნდა გადადგას.
„ზურაბიშვილის ამ განცხადებაში რაიმე ისეთი, აზერბაიჯანის საწინააღმდეგო არ არის. აზერბაიჯანსაც ისევე უნდა აწუხებდეს ამ საკითხის მოუგვარებლობა, როგორც ქართულ მხარეს. როდესაც ორივე მხარე დაინტერესებულია, თან ურთიერთობებიც მაღალ ხარისხზეა, გამოსავალი მოიძებნება. რაც უფრო სწრაფად მოხდება ამის დარეგულირება, მით უკეთესი," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შაბათს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. პრეზიდენტის განცხადებით, დავით გარეჯის აღდგენა სწრაფად უნდა დაიწყოს. მისი თქმით, საზღვრის დადგენის პროცესიც არ უნდა დაყოვნდეს.
„აქ ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ ამას ემსახურება „ევროპა ნოსტრას" მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.