„ჩემი კოლეგების კომენტარზე არ ვაკეთებ კომენტარს“

„ჩემი კოლეგების კომენტარზე არ ვაკეთებ კომენტარს“

„ეს პრემიერის პრეროგატივაა და შესაბამისად, მისი პრეროგატივაა ეკონომიკის მინისტრის დანიშვნა, თუ საჭიროდ ჩათვლის - გადაყენებაც. ასევე, თუ საჭიროდ ჩათვლის შეუძლია კონსულტაციებიც გაიაროს საპარლამენტო უმრავლესობასთან. ამ შემთხვევაში ეტყობა ამის საჭიროება არ იყო," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულიას გადაყენებას.

ზოიძის განცხადებით, ამის შესახებ შესაბამისი კომიტეტი საქმის კურსში რომ ყიფილიყო, კარგი იქნებოდა, თუმცა, მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის უფლებას წარმოადგენს

„კარგი იქნებოდა, თუ ეკონომიკური პროფილის კომიტეტს ეცნობოდა ამის თაობაზე, მაგრამ დანარჩენი, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა კანონით თუ კონსტიტუციით. შესაბამისად, ვერ ვხედავ ამაში ვერანაირ პრობლემას," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცნობისათვის, უმრავლესობის წევრის ლევან კობერიძის თქმით, მინისტრის გადაყენებასთან დაკავშირებით პარლამენტის შესაბამის კომიტეტში დეპუტატებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.

„შეფასებას გავაკეთებ თვითონ ამ ფაქტთან, ჟრიამულით ატეხილ გაუგებრობასთან დაკავშირებით -მოხსნეს თუ დანიშნეს. ეკონომიკის კომიტეტში ვარ და კომიტეტში არაფერი გვსმენია საერთოდ ვინმეს თუ ხსნიდნენ ან ნიშნავდნენ. ეს ჩვენი მინუსი თუ არის, არ ვიცი, მაგრამ მგონი ვცდილობთ კარგად ვიმუშაოთ.

„მინისტრი პოლიტიკური თანამდებობაა და წარმოუდგენელია, რომ მოხსნა და დანიშვნაც საპარლამენტო რესპუბლიკში შიდა გუნდურ განხილვას მაინც არ ექვემდებარებოდეს - ეს კითხვა მექნებოდა პრემიერ-მინისტრთან.

„რაც შეეხება იმას, რომ არასაკმარისი კომუნიკაცია გვქონდა ეკონომიკის კომიტეტს ყოფილ მინისტრთან - ეს შემიძლია დავადასტურო, თუმცა რა იყო მისი წასვლის მიზეზი, ეს ინფორმაცია მე არ მაქვს," - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ამ საკითხის შესახებ ზოიძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა:

„ჩემი კოლეგების კომენტარზე არ ვაკეთებ კომენტარს," - დასძინა აკაკი ზოიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი ამტკიცებს, რომ გიორგი ქობულიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმდა თავად ქობულიასთან, ნათია თურნავასთან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან.

შეგახსენებთ, გიორგი ქობულიამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამ პოსტზე ნათია თურნავა დაინიშნა.