კიევში პოროშენკო-ზელენსკის დებატები გაიმართა. მთავარი

კიევში პოროშენკო-ზელენსკის დებატები გაიმართა. მთავარი

არჩევნების მეორე ტურის წინ კიევის ოლიმპიურ სტადიონი უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის დებატები გაიმართა.

მხარდამჭერების წინაშე პირველი ვლადიმერ ზელენსკი გამოვიდა. მისი თქმით, ის პოროშენკოს შეცდომებისა და დაპირებების შედეგია.

„2014 წელს მე თავად მივეცი ბატონ პოროშენკოს ხმა, თუმცა შევცდი. ჩვენ ყველანი შევცდით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პოროშენკომ თავის მხრივ განაცხადა, რომ უკრაინა ქვეყანაა, სადაც ომია. მისი თქმით, ხალხს უფლება აქვს იცოდეს, რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი ამ მუქარის საპასუხოდ.

პოროშენკომ ასევე რუსულ პროპაგანდასა და ჰიბრიდულ ომზე ისაუბრა. „ზელენსკი სუსტი კანდიდატია, მას არ შეუძლია პუტინის დარტყმების მოგერიება“, - აღნიშნა პოროშენკომ.

ზელენსკიმ თავის მხრივ მოქმედი პრეზიდენტი და მისი გარემოცვა კორუფციაში დაადანაშაულა.

დებატებისას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც მოხდა. ორივე კანდიდატმა დაიჩოქა.

„ომის დაწყებამდე, როდესაც უკრაინელები იდგნენ მუხლებზე, მე მივმართე იანუკოვიჩს და ვთხოვე, წადით პრეზიდენტის თანამდებობიდან. მე მივმართე პუტინსაც და ვთქვი, რომ მზად ვარ დავიჩოქო, ოღონდ უკრაინა არ დააჩოქოთ.

მზად ვარ, ახლა დავიჩოქო თითოეული დედის წინაშე, რომლის შვილი არ დაბრუნებულა ფრონტიდან. მზად ვარ, დავიჩოქო თითოეული ბავშვის წინაშე, რომლის მამაც არ დაბრუნებულა ფრონტიდან.

მზად ვარ, დავიჩოქო თითოეული ქალის წინაშე, რომლის ქმარიც არ დაბრუნებულა ფრონტიდან და თქვენც ამისკენ მოგიწოდებთ, ბატონო პრეზიდენტო“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ამის შემდეგ პეტრო პოროშენკომაც დაიჩოქა.

პოლიციის ცნობით, სტადიონზე კანდიდატების მოსასმენად 22 000 ადამიანი შეიკრიბა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სტადიონზე, სადაც 70 ათასი ადამიანი ეტევა, ყველა ბილეთი გაიყიდა.

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგების მიხედვით, ვლადიმერ ზელენსკიმ 30,24% მიიღო, პეტრო პოროშენკომ - 15,95%.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.