უკრაინაში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. დღეს კი ქვეყანაში სიჩუმის დღეა და ყოველგვარი აგიტაცია იკრძალება.
მეორე ტურში ერთმანეთს ოპონირებას პეტრო პოროშენკო და ვლადიმერ ზელენსკი გაუწევენ.
პოროშენკოს მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიმართ ერთგული რჩება.
"მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო ჩვენი პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც ქვეყანა ევროპულ გზაზე დააყენა. ამ დებატებმა ყველას დაანახა, რომ პრეზიდენტის ოპონენტსა და მის გუნდს აბსოლუტურად განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ. ამიტომ მე ისევ ვრჩები ჩვენი პრეზიდენტის გულშემატკივრად და მინდა, რომ მსოფლიომ დაინახოს, რომ უკრაინელები პრეზიდენტის მხარეს არიან“, - ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი.
მოქმედი პრეზიდენტისგან განხსვავებით, ზელენსკის გულწრფელობაზე უსვამენ ხაზს მისი მხარდამჭერები. ისინი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ცვლილებას ითხოვენ.
"ზელენსკი აბსოლუტურად გულწრფელია და ვფიქრობ, ამას ყველა მიხვდება, ვინც დებატებს უსმინა. ფაქტია, რომ მას ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა სურს. გულწრფელად სურს, რომ ჩვენ ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება მოგვაშოროს და სისტემა დაანგრიოს,“ - ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ვინაობა 21 აპრილს დაგეგმილი მეორე ტურის შედეგად გამოვლინდება. პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 30,24%-ი შოუმენმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ - 15,94%.
ბოლო კვლევის მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 71 პროცენტი ხმას აძლევს ვლადიმერ ზელენსკის, ხოლო გამოკითხულთა 29 პროცენტი – პეტრო პოროშენკოს.