„მთელი ქალაქი ამბობს, რომ ის მოწამლეს...“ - აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ მთავარი კანდიდატი მოულოდნელად კომაში ჩავარდა

„მთელი ქალაქი ამბობს, რომ ის მოწამლეს...“ - აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ მთავარი კანდიდატი მოულოდნელად კომაში ჩავარდა

„შესაძლოა მოწამვლა ყოფილიყო, არ გამოვრიცხავ. ეს პიროვნებაც, ისევე როგორც „მოქმედი პრეზიდენტი", არიან სპეცსამსახურის თანამშრომლები და დაცვის ხარისხი უფრო მაღალი იქნებოდა. გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე სეპარატისტული აფხაზეთის 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატის, ოპოზიციონერი ასლან ბჟანია მოწამვლის შესაძლოს ფაქტზე საუბრისას, რომელიც ამ დროისთვის კომაშია და მოსკოვშია გადაყვანილი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია შეიძლება მოწამლული იყოს, სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელდა. ამ ცნობების თანახმად, ბჟანიამ პარასკევს მოულოდნელად ცუდად იგრძნო თავი და იგი სასწრაფოდ სოჭში გადაიყვანეს.

მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა, იმდენად, რომ ბჟანია კომაში ჩავარდა. სოჭში ექიმებმა მას მოწამვლა დაუდგინეს, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, რის გამოც ბჟანია საბოლოოდ მოსკოვში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

„მთელი ქალაქი ამბობს, რომ მოწამლეს... საავადმყოფოში კი ვერ დაადგინეს რა სჭირს..." „როგორც ვიცი, ბჟანია ახლახანს იყო მოსკოვში და უკან დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ისევ სასწრაფოდ მოსკოვში წაიყვანეს და საავადმყოფოში დააწვინეს..." - წერენ აფხაზი მომხმარებლები ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში.

მოგვიანებით გაკეთდა განცხადება, რომ ბჟანიას ვირუსული პნევმონია აქვს და მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობას. თუმცა, აფხაზური საზოგადოების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ლიდერი მოწამლეს და ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს წინა „პრეზიდენტის" - სერგეი ბაღაფში დაღუპვას, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობის ასეთივე მოულოდნელი გაუარესების შემდეგ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

არეშიძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა ოპოზიციური ლიდერი ასლან ბჟანია მოეწამლათ. იგი აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევები პოსტსაბჭოთა სივრცეში არაერთი ყოფილა.

„ბაღაფშის ოჯახის წევრებიც მოწამლის ფაქტზე საუბრობენ სასუნქთი აფარატის მეშვეობით. სხვა შემთხვევებიც არის პოსტსაბჭოთა სივრცეში - თურქმენეთი პრეზიდენტით დაწყებული, შედარებით დაბალი ჩინის მქონე ადამიანებით დამთავრებული.

„კონკრეტულ ამ შემთხვევაში იყო თუ არა მოწამვლა, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება ასეთი ხერხით ყოფილიყო კონკურენტის თავიდან მოშორების მცდელობა," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ცნობისათვის, სეპარატისტულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 21 ივლისსაა დანიშნული, სადაც მოქმედი „პრეზიდენტის" რაულ ხაჯიმბას მთავარ კონკურენტად სწორედ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია მიიჩნევა.