სამი გასროლა და სამი ნიღბიანი - რა ახალი დეტალები ვრცელდება

სამი გასროლა და სამი ნიღბიანი - რა ახალი დეტალები ვრცელდება "ლიბერთი ბანკის" დაღაჩაღებაზე

თვითმხილველების ინფორმაციით, ვარკეთილში, „ლიბერთი ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმა ბანკის გახსნიდან მალევე სამმა ნიღბიანმა პირმა განახორციელა.

მათივე თქმით, ბანკის შენობიდან დაახლოებით სამჯერ გასროლის ხმა გაისმა.

არსებული ინფორმაციით, დაზიანებები ბანკის ორმა მომხმარებელმა ქალმა მიიღო, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ერთ-ერთ დაშავებულს დაზიანება თავის არეში მიაყენეს. სასწრაფოს ექიმმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაშავებულები იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრნენ.

„არც ერთი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი არ არის", - აღნიშნა სასწრაფოს ექიმმა "პირველ არხთან".

სამართალდამცველები, ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე ატარებენ. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც.

თბილისში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის" ერთ-ერთი ფილიალი ცოტა ხნის წინ დააყაჩაღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.