"არ ვარ ვალდებული ვიცოდე ინგლისური" - ვენეციის კომისიის დასკვნა დეპუტატებს ინგლისურად მიაწოდეს

პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობისას დეპუტატებს „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ მიმართა. მარშანია ამბობს, რომ არაა ვალდებული იცოდეს ინგლისური, ამიტომ ვენეციის კომისიის დასკვნის ქართულ ენაზე თარგმნას მოითხოვს.

"ამ კანონპროექტის განხილვამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვიჩვენა ჩვენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას საქართველოში არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობა პარლამენტში. მავნეა ეს ჩვენთვის, ჯერჯერობით.

ასევე დაუშვებელია არასახელმწიფო ენაზე პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის წევრებისთვის სხვა ენაზე დარიგება ნებისმიერი დოკუმენტის, ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა. რატომ არ არის თარგმნილი ინგლისური ენიდან დასკვნა, მე არა ვარ ვალდებული ვიცოდე ინგლისური ენა.

და მესამე, ყველგან წერია, რომ კენჭისყრა არის ფარული, რატომ? მითუმეტეს, რომ რეკომენდაცია არის რომ ყველა კენჭისყრა იყოს ღია" - განაცხადა ადა მარშანიამ.

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ვენეციის კომისიამ დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია ხუთ ძირითად რეკომენდაციას გამოყოფს. მათ შორის, უნდა გადაიხედოს არამოსამართლე კანდიდატებისთვის გამოცდის ჩაბარების აუცილებლობა, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად არის კანდიდატი, გამორიცხული უნდა იყოს კანდიდატების შერჩევა-ნომინირების ყველა პროცედურისგან.

Maverick მერე, რატომ არ იწყებთ იმპიჩმენტის პროცესს ვიც ასე უხეშად არღვევს კონსტიტუციას?!
5 წლის უკან