„მმართველ პარტიას სერიოზული სენი შეეყარა,“- ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, კომისიის დასკვნა უმწვავესია, თუმცა მმართველ გუნდს ის არ აინტერესებს.
„მე მგონი, რომ სერიოზული სენი შეეყარა მმართველ პარტიას. სამწუხაროდ, ეს სენი არის დაახლოებით იმდაგვარი დაავადება, როგორითაც მმართველობის გარკვეული ეტაპის შემდეგ უდგება ალბათ ყველა ხელისუფლებას. ამიტომ, რაღაცნაირი განცდა მაქვს, თითქოს ეს ყველაფერი ნანახი მაქვს. თითქოს ეს ის სენია, რომლითაც არ გესმის, ვერ ხედავ და არ გინდა შეიმჩნიო, რა ხდება შენს ირგვლივ და გარეთ. ყველაზე მეტად რისი ვერ შემჩნევაც ხდება, ეს არის საკუთარი მხარდამჭერების და ამომრჩევლების განწყობა. როდესაც ასეთი ღია ტექსტით ვენეციის კომისია, ეუთო/ODIHR- ის დასკვნა, სახალხო დამცველი, სამოქალაქო სექტორი, იურიდიული წრეები, არასამთავრობო თუ საერთაშორისო წრეები, პარტნიორები, მეგობრები, კეთილისმსურველები, თავი დავანებოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ყველა დანარჩენი გეუბნება, რომ არ ვარგა ეს კანონპროექტი, უნდა გაიგო და ყურად უნდა იღო, იმიტომ, რომ ეს არ არის კანონი, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ იწერება. ეს არის კანონი, რომელიც იწერება ქვეყნის მომავლისთვის. აქ მხოლოდ გამოცდების მოხსნა არ იქნება საკმარისი, თუმცა ეს არის ჩვენი ერთერთი პრინციპული შენიშვნა, დაჟინებით ვითხოვდით, რომ მოეხსნათ ეს ხელოვნურად გაჩენილი ბარიერი, რომელიც იმიტომ ჩაიწერა, რომ გარედან არავინ შემოსულიყო. სხვა რეკომენდაციებიც გასათვალისწინებელია და მე ვაპირებ ყველა პუნქტთან დაკავშირებით გავმართო ძალიან მწვავე დისკუსია“, – განაცხადა ბესელიამ.
სესიაზე დღეს უნდა გაირკვეს, ვენეციის კომისიის რა რეკომენდაციები მოხვდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტში და როგორი იქნება რედაქტირებული ვარიანტი.
ამ წუთებში პარლამენტში შესვენებაა გამოცხადებული. საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.
უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი სწორედ ჩასწორებული ვარიანტის გაცნობას ითხოვდა, რის გამოც საკითხი გუშინ სესიაზე აღარ განიხილეს. მმართველი გუნდი მიანიშნებს, რომ მხოლოდ მცირე დათმობებზე წავა.