საქართველოს პარლამენტის პლენარული დღევანდელი სხდომა ცხარე კამათის ფონზე გაიხსნა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა მოითხოვა, რომ დღევანდელი სხდომა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გამოსვლით დაიწყოს, რომელმაც დეპუტატების წინაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცედურაზე უნდა ისაუბროს.
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის საპასუხოდ განმარტა, რომ დღის წესრიგით განსაზღვრულია „საერთო საამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა. სწორედ ამიტომ, ტრიბუნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარეს, ანრი ოხანაშვილს დაეთმო.
სესიაზე დღეს უნდა გაირკვეს, ვენეციის კომისიის რა რეკომენდაციები მოხვდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტში და როგორი იქნება რედაქტირებული ვარიანტი.
ოპოზიცია დროს ითხოვდა, რათა დეპუტატები ახალ პროექტს გაცნობოდნენ.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატები ანრი ოხანაშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ისინი პროტესტის ნიშნად მაგიდებზე აბრახუნებდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური ოპონენტები რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძემ მანდატურის სამსახურს მიმართა და სთხოვა, რომ სიტუაციის დარეგულირებაში ჩართულიყო.
ამასთან, ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ცხადდება შესვენება და პლენარული სხდომა 14:00 საათზე განახლდება.
“არღვევთ რეგლამენტს, ნუ სპეკულირებთ, შეეშვით სპეკულაციებს, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი“ – მიმართა ირაკლი კობახიძე ოპოზიციას.
პოლიტიკურ ოპონენტებს სიმშვიდისკენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმაც მოუწოდა.
„ შენ გაჩუმდი მანდ, ჭკვიანად იყავი,“ – ასე მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს.
ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ომბუდსმენი უკმაყოფილოა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაჩქარებულ ვადებში მიმდინარეობს.