„სამწუხაროდნ, მე შეკრებაზე ბოლომდე არ დავრჩი და იმ გამომსვლელების საუბრიდან, რომლებსაც მე ვუსმენდი, არ ჩანდა პროგრამა, თუ მომავალში რის გაკეთებას აპირებენ. აქედან გამომდინარე, მოძრაობის პერსპექტივასთან დაკავშირებით პასუხი არ მაქვს, რადგან სიტუაცია ბუნდოვანია“, - ასეთია პოლიტიკური ექსპერტის მამუკა არეშიძის შეფასება დღეს ფილარმონიაში გამართულ „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე
მისივე თქმით, „დაიცავი საქართველოს“ პოტენციალზეც და 2020 საპარლამენტო არჩევნების შანსებზეც საუბარი ადრეა, რადგან ჩანს, რომ გუნდი ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია.
„მსჯელობა იმაზე, რომ მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ სერიოზულ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდეს და რაიმე შანსი ჰქონდეს 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე, ეს ჯერჯერობით ადრეა, რადგან გუნდში არ ჩანს გეგმები და ამჯერად სიტუაცია ბუნდოვანია და ისიც არ არის ცნობილი სახალხო მოძრაობად რჩება, თუ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდება“, - განაცხადა არეშიძემ
მისი თქმით, შაბათის შეხვედრაზე იგი მიწვეული იყო, როგორც სტუმარი და შიდა პოლიტიკის ექსპერტი.
„მე ვიყავი, როგორც მიწვეული სტუმარი და ადამიანი, რომელიც მუშაობს შიდა პოლიტიკაზე და მისი მოვლენების განვითარებაზე და ვთვლი, რომ გუნდს სჭირდება გარკვეული მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებისთვის ნათელი გახადოს ის ნაბიჯები, რის გადადგმასაც აპირებენ“, - აცხადებს არეშიძე.