ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატი, ქართველი ძალოსნების ტრიუმფითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ტრადიციულად ტურნირი მამაკაცთა შორის მძიმე წონის წარმომადგენლების გამოსვლით მთავრდება, სადაც გიორგი ასანიძეს ორი წარმომადგენელი ჰყავდა და მათ მედლის აღება შეძლეს. ამასათან ერთად მსოფლიოს უძლიერესამა ადმიანმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა.
სპორტის ამ სახეობის ყველა ჯილდოს მქონე ტალახაძემ, პირველ მოძრაობაში ოქრო პირველივე ცდაზე 208 კილოგრამის ატაცებით გაინაღდა. მეორე მისვლაზე ლაშამ 218 კილოგრამის დაძლევით, თავისვე დამყარებული მსოფლიოს რეკორდი ერთი კილოგრამით გააუმჯობესა და მესამე ცდა აღარ გამოუყენებია. ტალახაძემ აკვრაში 245 კილოგრამით დაიწყო და სიმძიმე ტრადიციულად მარტივად დაიმორჩილა. ამით ლაშამ სამივე ოქროს მედალი ნაადრევად გაინაღდა, შემდეგ კი მსოფლიოს კიდევ ორი რეკორდი დაამყარა. 25 წლის ტიტულოვანმა საჩხერელმა სპორტსმენმა 260 კილოგრამი დასძლია, რის შედეგადაც აკვრაშიც და ორჭიდშიც (478 კგ.) ახალი რეკორდები დაამყარა.
ატაცში სამივე ცდა გამოიყენა (195, 201; 206) და ვერცხლის მედალი აიღო ირაკლი თურმანიძემ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა აკვრაშიც სამივე მისვლაზე იყოჩაღა. მან ჯერ 227 კილოგრამი აკრა, შემდეგ 234 დაძლია, ბოლოს დამორჩილებული 241-ით კი ამ დისციპლინაში მესამე ორჭიდში კი მეორე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს უკვე დასრულებულ ევროპირველობაზე სულ 15 მედალი აქვს. მძიმეწონოსნებამდე ატაცში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო ანტონ პლესნოიმ (96 კგ.) მოიპოვა. სამი მედალი რევაზ დავითაძემ (89. კგ) აიღო, რომელმაც ატაცში ოქრო, აკვრასა და ორჭიდში კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. აკვრაში ოქროს მედალი შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო. სამი მედალი კი ძმების ირაკლის და გოგა ჩხეიძეების ანგარიშზეა. პირველმა მათგანმა დღეს დილით 102 კილოგრამი წონითი კატეგორიის ატაცის ბრინჯაო აიღო, უფროს ძმას კი (67 კგ.) აკვრაში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო ერგო.